“მე რომ ვიყო ივერი მელაშვილის ადვოკატი, მივაცილებდი მას საპატიმროდან სახლში და ყველაფერს გავაკეთებდი, რომ ის განაჩენის დადგომამდე მედიასთან არ გამოჩენილიყო,” – აღნიშნული განცხადება პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა „იმედის“ გადაცემაში „იმედის ფაქტორი“ გააკეთა.
როგორც წულუკიანმა გადაცემაში დასძინა, ივერი მელაშვილმა ციხის დატოვების შემდეგ აჩვენა, რისთვის იღწვოდა როგორც მომლაპარაკებელი.
„დავით გარეჯის საქმე არ დასრულებულა, ის გადასულია გადამწყვეტ ეტაპზე. რაც შეეხება იმას, ვინ მანიპულირებს და რაში იყენებს ამ საქმეს თუ მის ფიგურანტებს, ეს ზედაპირზე დევს. მე რომ ვიყო ივერი მელაშვილის ადვოკატი, მივაცილებდი მას საპატიმროდან სახლში და ყველაფერს გავაკეთებდი, რომ ის განაჩენის დადგომამდე მედიასთან არ გამოჩენილიყო. ციხის დატოვების შემდეგ მან აჩვენა, რისთვის იღწვოდა როგორც მომლაპარაკებელი. რეალურად, უკვე მეორე დღეა ივერი მელაშვილი იმდენად მუშაობს საკუთარი თავის წინააღმდეგ, რომ პროკურატურას სამუშაო აღარაფერი დარჩა. მან ღიად თქვა ის, რასაც პროკურატურა ედავება – ის რაც არაა შენი, როგორ იქნება შენი. პირველ რიგში ის არის თავისი თავის მსხვერპლი, რადგან მან ვერ გაიგო, რაში ედება ბრალი. მას უნდა ავუხსნათ, რომ ბრალი ედება ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის საფრთხის შექმნაში.
სისხლის სამართლის კოდექსი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას იმდენად ფრთხილად ექცევა, რომ ქმედებას, რომელიც ტერიტორიულ მთლიანობას საფრთხეს უქმნის, უკვე დანაშაულად შერაცხავს. მგონია, რომ ეს ყველაფერი ამ ადამიანმა ვერ გაიგო. ყველაფერი, რასაც ის ამბობს, ამტკიცებს იმას, რომ პროკურატურა არ ტყუის. რას იტყვის სასამართლო ეს მეორე საკითხია, მაგრამ თუკი პროკურატურას ჰქონდა ის გათვლა, რომ ეს ადამიანი თვითონვე აჩვენებდა საზოგადოებას, სავარაუდოდ რა დანაშაული აქვს ჩადენილი, უნდა ჩავთვალოთ, რომ მათ ეს გამოუვიდათ. უკვე მეორე დღეა, ივერი მელაშვილი ეთერიდან გვიქადაგებს იმას, რასაც ედავება პროკურატურა, რომ დავით გარეჯი საქართველო არაა. ამას ამბობს მომლაპარაკებელი, რომელიც ჩვენი ქვეყნის სახელით ვითომდა სახელმწიფო საზღვრებს იცავდა“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
ცნობისთვის, დავით გარეჯის საქმეზე ბრალდებულმა ივერი მელაშვილმა 28 მარტს, „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა, რომ – „როგორ არის შენი, როდესაც არ არის შენი. არ გაქვს ამის საფუძველი და ვიღაცის იქ, უკაცრავად და, ბერი იქნება თუ ერის წარმომადგენელი იქნება, თუ ზოგი მივა და კელიებთან პოზირებას დაიწყებს, ამის გამო ეუბნები, რომ ჩემია. არ არის სწორი, არ არის შენი“!
შეგახსენებთ, რომ 28 იანვარს, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა სასამართლო დარბაზიდანვე გათავისუფლდნენ. მათ სასამართლომ გირაო შეუფარდა.