ახალი ამბები მთავარი სამართალი

“მელაშვილ-ილიჩოვას მოუწევთ დაბრუნება იმ დაწესებულებებში, რომლებიც გუშინ დატოვეს” – პროკურორი

“ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას გათავისუფლება არ ნიშნავს, რომ ისინი სასამართლომ გაამართლა,” – აღნიშნული განცხადება გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის საპროკურორო ზედამხედველობის სამმართველოს უფროსმა, ამირან გულუაშვილმა “ღამის კურიერში” განაცხადა.

ამირან გულუაშვილის განმარტებით, სახეზეა საკმაოდ მძიმე დანაშაული, რომელიც გულისხმობს 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.

“აღკვეთის ღონისძიების დროებით შეცვლა, არ არის გამართლება. ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა სასამართლოს არ გაუმართლებია, მათი საქმის განხილვა ჯერ, არც კი დაწყებულა. ეს პროცესი წარიმართება, ბრალდების მხარე გამოიკვლევს უტყუარ მტკიცებულებებს და ჩვენი პოზიცია, რომელიც მტკიცებულებებით არის გამყარებული, უდაოდ გამოიწვევს იმ მოცემულობას, რომ მათ, ისევ მოუწევთ დაბრუნება იმ დაწესებულებებში, რომლებიც გუშინ დატოვეს. ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული და მომავალში სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებების საფუძველზე, აუცილებლად მოიხდიან სასჯელს იმ დანაშაულისთვის, რაც მათ რეალურად ჩაიდინეს. სახეზეა საკმაოდ მძიმე დანაშაული, რომელიც გულისხმობს 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას,” – განაცხადა ამირან გულუაშვილმა “ღამის კურიერის” ეთერში.

ცნობისთვის, 28 იანვარს მოსამართლემ დავით გარეჯის საქმეზე დაკავებული კარტოგრაფები, ნატალია ილიჩოვა და ივერი მელაშვილი მოსამართლემ 20 -20 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაანთავისუფლა.

დავით გარეჯის საზღვრის დამდგენი კომისიის ყოფილი წევრები, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს, სახელმწიფო ტერიტორიის მთლიანობის დარღვევის მუხლით დააკავეს. პროკურატურა ამტკიცებს, რომ მათ საზღვარი ჩვენი ქვეყნის საზიანოდ მონიშნეს და “საქართველოს ტერიტორიის ნაწილი უცხო ქვეყანას გადასცეს”.

იტვირთბა....