30 იანვრის, დილის 9 საათიდან 24 საათით 200-მდე რესტორანი პროტესტის ნიშნად, მიტანის სერვისს აჩერებს.
რესტორატორები ამით იმ შეზღუდვებს აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც კვების ობიექტები ქვეყანაში გაურკვეველი ვადით დაკეტილია.
როგორც რესტორნის ხელმძღვანელები ამბობენ, პროტესტის ამ ფორმით, ეცდებიან ხმა მიაწვდინონ ხელისუფლებას, რომ უმძიმს მდგომარეობაში არიან და სხვა გზა აღარ დარჩათ.
დავიღუპეთ, დაგვექცა ყველაფერი, ამდენი შრომით შექმნილი ამდენი ადამიანი ადამიანი უსამსახუროდ, ამდენი ვალდებულება. ვერაფერი ვერ მივიღეთ იმის გარდა, რომ 2 თვეა ვსაუბრობთ და ამასობაში დაგვემხო თავზე ყველაფრი – აცხადებს რესტორატორი ქეთი ბაქრაძე.
აღნიშნულ აქციას უერთდება გასტრონომიის ასოციაციის ხელმღვანელიც.
ესეთი მიდგომა არ შეიძლება. მხოლოდ პანდემა არ არსებობს ჩვენს ქვეყანაში და არსებობს ეკონომიკა და გვინდა, რომ ეკონომიკურად გადავრჩეთ….არ მოგვისმენს ხელისუფლება, ჩვენ უფრო რადიკალურად რთულ გადაწყვეტილებებს მივიღებთ – აცხადებს ლევან ქოქიაშვილი.
ამასთან, მიტანის სერვისის შეჩერების გარდა, რესტორნების წარმომადგენლები ხვალ მთავრობის ადმინისტრაციასთან დაგეგმილ აქციასაც შეუერთდებიან. აქცია დღის 3 საათზეა დაანონსებული და იკრიბება ყველა, ვინც შეზღუდვებს აპროტესტებს.
შეგახსენებთ, რომ ქვეყნის გახსნის მოთხოვნით გამოსვლები ზუსტად 1 კვირის წინ, მთავრობის ადმინისტრაციასთან დაიწყო. სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები დედაქალაქის სხვადასხვა ადგილას, სხვადასხვა ფორმით ითხოვდნენ რეგულაციების შემსუბუქებას, განსაკუთრებით კი საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამუშავებას და კომენდანტის საათის მოხსნას.