სტუდენტი – აღარ მინდა მე თსუ-ში სწავლა, დღევანდელი დღის შემდეგ
უნივერსიტეტის პროფესორი მარიამ გერსამია ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციების მიმართულების ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლეს. ეს გადაწყვეტილება აკადემიურმა პერსონალმა უნივერსიტეტში გამართულ არჩევნებზე მიიღო.
თავად მარიამ გერსამია თანამდებობიდან მის გადაყენებას უნივერსიტეტის საქმიანობაში არაუფლებამოსილი პირების ჩარევას უკავშირებს. როგორც მარიამ გერსამიამ “რუსთავი 2”-თან განაცხადა, თანამდებობიდან გადაყენების სავარაუდო მიზეზებია მის მიერ სოციალურ ქსელში უნივერსიტეტის მდგომარეობის შესახებ გამოქვეყნებული სატატუსები და რამდენიმე ტელეკომპანიიდან პრაქტიკოსი ჟურნალისტების ლექტორებად მოწვევა. ის არჩევნების დროს დაფიქსირებულ დარღვეევებზე საუბრობს.
“მეტრონომი” გთავაზობთ მარიამ გერსამიას ერთ-ერთ სტატუსს, რომელიც სავარაუდოდ გახდა მისი გათავისუფლების მიზეზი:
„რამდენიმე თვის წინ მე ტელეფონით დამიკავშირდნენ ქართულ-რუსული ურთიერთობის გაღრმავების გაუგებარი ცენტრის წარმომადგენლები და მთხოვეს თანამშრომლობა, როგორც ჟურნალისტიკის მიმართულების ხელმძღვანელს!. კერძოდ, შემომთავაზეს რუსეთიდან ჩამოყვანილი “ექსპერტების” უფასო ტრენინგები სტუდენტებისთვის! (აღნიშნეს, რომ უკვე წარმატებულად თანამშრომლობენ თსუ-სთან). უარით გავისტუმრე! სტუდენტებო! ვინც არ უნდა აირჩიონ მიმართულების ხელმძღვანელად, გახსოვდეთ!!! გახსოვდეთ!!! რუსეთი ოკუპანტია! ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო უპირველეს ყოვლისა!”
მარიამ გერსამიას განცხადებებს ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციების დეპარტამენტის ახალი ხელმძღვანელი, ნინო ჭალაგანიძე უსაფუძვლოს უწოდებს. როგორც “რუსთავი2”-თან მან განაცხადა, აკადემიურმა პერსონალმა გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღო. ნინო ჭალაგანიძე აღნიშნავს, რომ არ ესმის რაზე საუბრობს გერსამია, რადგან არჩევნებზე იყო 12 პროფესორი და არავინ უცხო.
სხდომას, რომელზეც მარიამ გერსამია თანამდებობიდან გადააყენეს, ხათუნა მაისაშვილი ხელმძღვანელობდა. ის უნივერსიტეტის პარალელურად მთავრობის კანცელარიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის თანამშრომელია. მაისაშვილი ამბობს, რომ ბრალდებები უსაფუძვლოა. „ძალადობით და ძალდატანებით არჩევნები არ ხდება, მითუმეტეს უნივერსიტეტში“.-განაცხადა მან რუსთავი 2-თან.
გერსამიას გადაყენების გამო უნივერსიტეტი ერთმა ლექტორმა დატოვა. დალი სინჯარაძემ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა : „დავიღალე ამ სტატუსობანათი. არ მინდა მე ნინო ჭალაგანიძე ჟურნალისტიკის მიმართულების ხელმძღვანელად! აღარ მინდა მე თსუ-ში სწავლა, დღევანდელი დღის შემდეგ!“- ეს ჩემი სტუდენტის ერთ-ერთი პოსტია მარიამ გერსამიას ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულების ხელმძღვანელობიდან ჩამოშორებასთან დაკავშირებით.
ამ პოსტის პათოსს ვიზიარებ და ვუერთდები მეც. აღარც მე მინდა ლექციებზე შესვლა იმ სასწავლებელში, რომელშიც ასეთი არაჯანსაღი პროცესები მიმდინარეობს.
აქვე ბოდიშს ვუხდი ჩემს სტუდენტებს, რომ დღევანდელი დღის შემდეგ აღარ შევალ მათთან ლექციებზე. დიდი მადლობა თითოეულს იმ დიდი თანაგრძნობისა და სიხარულის გამო, რომელსაც განვიცდიდი მათი ნამუშევრების განხილვისას. მიხარია, რომ ასეთი ნიჭიერი და ლაღი თაობა ეზრდება ქვეყანას.”
მარიამ გერსამიას თანამდებობიდან გადაყენების ფაქტს ლექტორების ნაწილი აპროტესტებს და უნივერსიტეტიდან წასვლას აპირებს. რამდენიმე მათგანმა უკვე გააკეთა განცხადება ამასთან დაკავშირებით, სტუდენტები კი ამ გადაწყვეტილებას უსამართლოს უწოდებენ და ლექტორებსა და ადმინისტრაციას მათი უფლებების დარღვევისკენ მიუთითებენ.
მანა ნოდია