პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, “ქართული ოცნება” პოლიტიკურ პასუხისმგებლობას იღებს იმაზე, რომ 2021 წლის შემოდგომაზე ადგილობრივ არჩევნები გაუმჯობესებული რეფორმით ჩატარდეს. ამის შესახებ არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც პარტია “მოქალაქეების” პარლამენტში შესვლაზე ისაუბრა.
თალაკვაძის თქმით, დოკუმენტი, რომელსაც მმართველმა გუნდმა და “მოქალაქეებმა” მოაწერეს ხელი, ღიაა და სხვა დარჩენილ პარტიებსაც შეუძლიათ, შეუერთდეს მას.
ამასთან, თალაკვაძე იმედოვნებს, რომ ოპოზიციის მონაწილეობა პარლამენტში კიდევ უფრო გაფართოვდება.
“ჩვენ დავიწყეთ მოლაპარაკება ყველა ოპოზიციურ პარტიასთან ელჩების მხარდაჭერით, ასევე გვქონდა მოლაპარაკებები პარტია „მოქალაქეებთან“, რომელიც დღეს დასრულდა პოზიტიური შედეგით. ჩვენ შევქმენით დოკუმენტი, სადაც ჩვენი პირობა და პასუხისმგებლობაა, რომ საქართველოს პარლამენტში განვახორციელებთ საარჩევნო რეფორმის შემდეგ ეტაპს ეუთო/ოდირის რეკომენდაციების გათვალისწინებით.
ჩვენ ხელი მოვაწერეთ ამ დოკუმენტს, ხელი მოაწერეს პარტია „მოქალაქეებმა“. ეს დოკუმენტი ღიაა სხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებისთვისაც, მათთვის ვინც მანდატი მიიღო. ჩვენ განვაგრძობთ პოლიტიკურ დიალოგს და მოლაპარაკებებს პოლიტიკურ პარტიებთან და ველით, რომ ოპოზიციის მონაწილეობა პარლამენტში კიდევ უფრო გაფართოვდება.
ეს არის მეორე ოპოზიციური პარტია, რომელიც პარლამენტში იქნება წარმოდგენილი და რაც შეეხება შეთანხმების იმ ნაწილს, რომელსაც სჭირდება საკონსტიტუციო უმრავლესობა, ჩვენ განვაგრძობთ ჩვენს ძალისხმევას იმისათვის, რათა შემოუერთდეს პროცესს კიდევ მინიმუმ იმდენი წარმომადგენელი ოპოზიციიდან, რაც იქნება საკმარისი ამ ცვლილებების განხორციელებისთვის“, – განაცხადა თალაკვაძემ.
ცნობისთვის, პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი და პარტიის წევრი ლევან იოსელიანი პარლამენტში მივიდნენ, სადაც მმართველ გუნდთან მორიგი მოლაპარაკებები გაიმართა. შეხვედრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ “მოქალაქეებმა” პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება მიიღეს.