ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მარჯვენასაჭიანი ავტომანქანების რეგისტრაცია იკრძალება

არასამთავრობო ორგანიზაცია “ეკო ტრანსპორტ ცენტრი” ევროპის სასამართლოში საჩივრის შეტანას აპირებს

მარჯვენასაჭიანი ავტომანქანების რეგისტრაცია აიკრძალება. შესაბამის ცვლილებებს „საგზაო მოძრაობის შესახებ“ და სხვა რამდენიმე კანონში მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განიხილავენ.

შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრშვილმა უარყო ინფორმაცია თითქოს მარჯვენასაჭიანი  მანქანებზე დამატებითი გადასახადი წესდება ან იკრძალება მოძრაობა.

„მსგავსი არაფერი იგეგმება. მფლობელებს, ვისაც გააჩნიათ უკვე რეგისტრირებული მარჯვენასაჭიანი ავტომანქანები, ან ავტომანქანები გადატანილი საჭით, შეუძლიათ მთელი ცხოვრება გამოიყენონ. ჩვენ მათ არ ვეხებით. უბრალოდ იმ თარიღის შემდეგ, რაზეც ჩვენ შევთანხმდით, მსგავსი მანქანების რეგისტრაცია აიკრძალება“ – განაცხადა მღებრიშვილმა.

მანვე განმარტა, რომ იკრძალება რეგისტრაცია და არა-იმპორტი, ტრანზიტი, დროებითი შემოყვანის რეჟიმი, რეექსპორტი. მღებრიშვილი ასევე შეეხო დაშლილი ნაწილებით ვაჭრობის თემასაც. მარჯვენასაჭიანი მანქანების იმპორტის შემთხვევაში, მფლობელს შეუძლია, დაშალოს იგი, ვინაიდან რეგისტრაციაში არ გატარდება. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, 2015 წელს მარჯვენასაჭიანი მანქანის იმპორტი საქართველოში 50%-ს გაუტოლდა.

“ჩვენ ჯერ ვაპირებთ მივმართოთ პარლამენტს, შემდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს. თუკი ჩვენი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება მივმართავთ ევროპის სასამართლოს, რადგან ვთვლი, რომ ამით ილახება საკუთრების უფლება” – განაცხადა “მეტრონოთან” არასამთავრობო ორგანიზაცია “ეკო ტრანსპორტ ცენტრის” დირექტორმა ვასო ურუშაძემ.

მოგვიანებით, ამ თემაზე კომენტარი გააკეთა ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა. მისი თქმით, მარჯვენასაჭიანი ავტომანქანების რეგისტრაციის აკრძალვის დროს, მთავრობის მთავარი საზრუნავი საკუთარი ქვეყნის მოქალაქეების უსაფრთხოება და მათი ჯანმრთელობაა.

„დღეის მდგომარეობით, რასაც საავტომობილო ბაზარზე ვხედავთ, ფასები ძალიან შემცირებულია. არის ხელმისაწვდომი ავტომობილები და ვიმედოვნებთ, რომ მომავალშიც ასე გაგრძელდება“, – აღნიშნა ქუმსიშვილმა.

 

 

 

 

იტვირთბა....