ვანის მუნიციპალიტეტში შუა ხნის კაცი დაჭრეს. მომხდარს წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა. მომხდარი ფაქტი “მეტრონომს” შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს, მაგრამ დამატებით განმარტებას არ აკეთებენ.
არსებული ინფორმაციით, სიტყვიერი დაპირისპირება სადგურზე, ორ ტაქსის მძღოლს შორის მოხდა. ადგილობრივების განცხადებით, კამათის შემდეგ ერთერთი მძღოლი სახლში წავიდა, სანადირო თოფი აიღო, სადგურზე დაბრუნდა და შუა ხნის კაცი ფეხში დაჭრა.
დაჭრილი კაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას ოპერაცია ჩაუტარდა. ამ დროისთვის მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. დაკავებულია ერთი პირი.