ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“სამოქმედო გეგმა MAP-ი ძალაში რჩება”

ნატოს ახალ კომუნიკეში ხაზგასმულია, რომ  ნატო საქართველოსთან პოლიტიკური და სამხედრო თანამშრომლობის ახალ პრაქტიკულ გზებს შეისწავლის. ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, დავით ბაქრაძის განცხადებით, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ საქართველომ ამ ეტაპისთვის რა ძირითად მიზნებსაც ისახავდა, მიაღწია. ამის შესახებ დავით ბაქრაძემ “ინტერპრესნიუსს” ნატო-ს მიერ საქართველოს შესახებ მიღებული კომუნიკეს შეფასებისას განუცხადა.
“ჩვენ, როგორც პასუხისმგებლიანი მთავრობა, არასოდეს გადაჭარბებულ მოლოდინებს ამ მხრივ არ ვამკვიდრებდით, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია ის პროგრესი, რაც დაფიქსირდა, როგორც პოლიტიკურად, ისე პრაქტიკული თვალსაზრისით საბოლოო დოკუმენტში”, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.
მისივე თქმით, ხაზგასმით აღინიშნა ის, რაც აქამდე არ იყო, რომ დღესდღეობით საქართველოს აქვს ყველა ინსტრუმენტი, ყველა პრაქტიკული მექანიზმი, რომ ნატო-ს წევრობისთვის მოემზადოს.
“ეს ნიშნავს, რომ იგივე წევრობის სამოქმედო გეგმა, MAP-ი რჩება ძალაში, მაგრამ მას უკვე ექნება პოლიტიკური დატვირთვა, რჩება იმ პოლიტიკური გადაწყვეტილების ნაწილად, რომელიც საბოლოო ჯამში საქართველოს ნატო-ს წევრობისთვის მისაღები ექნება 28 ქვეყანას.
მინისტერიალს თავის დატვირთვა ჰქონდა ვარშავის სამიტისთვის მოსამზადებლად და ამ მხრივ მნიშვნელოვანია, რომ არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის პროცესში და ვარშავის სამიტისთვის მოსამზადებლად კიდევ გვექნება ისეთი საშუალებები, როგორიც არის ნატო-სთან პოლიტიკური დიალოგის ინტენსიფიკაცია, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, თავდაცვის სტარტეგიული კომუნიკაციის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერება.
კიდევ მნიშვნელოვანია ისიც, რომ რა თქმა უნდა, ნატო ყოველთვის აღნიშნავდა და ხაზს უსვამდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემას, მაგრამ იმ ვითარებიდან და განვითარებიდან გამომდინარე, რომელსაც ადგილი ჰქონდა, იგულისხმება ე.წ. შეთანხმებების ხელმოწერა, ესეც ცალკე აღინიშნა და ნატო-ს წევრი ქვეყნების მინისტრებმა დაგმეს ეს ე.წ. ხელშეკრულებები, როგორც საერთაშორისო სამართლის და ეუთო-ს პრინციპებთან, ასევე რუსეთისვე მიერ ნაკისრ ვალდებულებებთან შეუთავსებელი”, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.
მისივე თქმით, ეს არის ძირითადი საკითხები, რაც საქართველოს ხელს უწყობს გააგრძელოს მუშაობა ვარშავის სამიტისთვის.
როგორც სახელმწიფო მინისტრმა აღნიშნა, ასევე მნიშვნელოვანი იყო ნატო-ს მიერ მონტენეგროს გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებებში მიწვევა.
“მონტეგნერგოს მოწვევა ნატო-ს უმთავრეს, ფუძემდებლურ პრიციპს – “ღია კარის” პოლიტიკას ტოვებს ძალაში. ჩვენ ამით იმედს გვიტოვებს, რომ რეფორმებით, იმ ინსტრუმენტებით, რომელზეც კომუნიკეში ხაზგასმულია, რომ საქართველოს გააჩნია პრაქტიკული მექანიზმები, ამ მექანიზმების ამოქმედებით და მათი სისრულეში მოყვანით, დადგება მომენტი, როდესაც პოლიტიკური გადაწყვეტილება უკვე მომავალში იქნება მიღებული. მაგრამ ამ ეტაპისთვის საქართველო ძალიან ღირსეულად შესრულებული რეფორმებით და გაწეული საქმეებით შეხვდა მინისტერიალს და შესაბამისი განცხადებებიც მიიღო პასუხად”, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

იტვირთბა....