ლანჩხუთის რაიონის სოფელ მოედანში მცხოვრებმა ცოლ-ქმარმა ლატარეის კომპანიის გათამაშებული ჯეკპოტი – 1 მილიონ 200 ათასი ლარი მოიგო.
მომგებიანი ბილეთი კომპანიაში 29 წლის ნუგზარ ბედინაძემ წარადგინა. ბილეთმა ვალიდაციის პროცედურა უკვე გაიარა და მოგებულს თანხა ბანკში, პირად ანგარიშზე ორი კვირის განმავლობაში ჩაერიცხება.
ლოტოს მომგებიანი ბილეთი ნუგზარ ბედინაძის ცოლმა, 24 წლის თეონა ვაშაყმაძემ ბათუმში მდებარე ერთ-ერთ ჯიხურში შეიძინა. ბილეთი იღბლიანი არა მხოლოდ ახალგაზრდა ცოლ-ქმრისთვის, არამედ იმ ჯიხურის გამყიდველისთვისაც აღმოჩნდა, სადაც თეონა ვაშაყმაძემ ბილეთი შეიძინა. ჟუჟუნა ანთაძე კომპანიისგან საჩუქრად ჯეკპოტის 2 პროცენტს, 24 ათასზე მეტ ლარს მიიღებს.
მოგებული თანხით წყვილი პირველ რიგში ბინის შეძენას გეგმავს ბათუმში.
საქართველოს ლატარეის კომპანიას მოგების სახით 92 მილიონამდე ლარი აქვს გაცემული. გათამაშებული ჯეკპოტებიდან კი, ყველაზე ბევრი 4 მილიონ 400 ათასი ლარი იყო, რომელიც ზამირა თორდინავამ მოიგო.