ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“უნდა გავბრაზდეთ საკმარისად, რომ ბევრი ადამიანი გამოვიდეს”- ხატია დეკანოიძე

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ხატია დეკანოიძის განცხადებით,  თუ რამდენიმე დღეში ქვეყანა არ გაიხსნება, ბიზნესი საქმიანობას არ გააგრძელებს და ადამიანები საქმიანობას არ დაუბრუნდებიან, ქვეყანა ძალიან მძიმე მდგომარეობაში ჩავარდება.  ამის შესახებ ხატია დეკანოიძემ საპროტესტო აქციაზე განაცხადა, რომელიც ქვეყანაში შეზღუდვენის მოხსნის მოთხოვნით მთავრობის ადმინისტრაციასთან მიმდინარეობს.

დეკანოიძის შეფასებით, მთავრობის წარმომადგენლები და ეპიდემიოლოგები მოსახლეობას მსგავსი შეზღუდვების დაწესებით უკვე შეურაცხყოფასაც კი აყენებენ.

“დღეს მე მოვუსმინე პრემიერ-მინისტრის, ასევე ეპიდემიოლოგებს და ეს იყო განცხადებები, რომელიც უბრალოდ თითოეულ იმ ადამიანს შეურაცხყოფას აყენებს , რომელსაც ძალიან მძიმე მდგომარეობა აქვს. იყო მანიპულაცია ციფრებით. გახარია ჭორაობას უწოდებს იმას,რაზეც მე და ეს ადამიანები ვსაუბრობთ, რომ ქვეყანაში ძალიან მძიმე მდგომარეობაა,”- აცხადებს დეკანოიძე.

პოლიტიკოსის თქმით, ქვეყანა უნდა გაიხსნას და წარმოუდგენლად შეურაცხმყოფელია, როდესაც საქართველოს გაღატაკებულ ეკონომიკას ადარებენ:

“ადარებენ შვეიცარიას, საფრანგეთს, ავსტრიას და იტალიას, სადაც ყველა ადამიანს დანაზოგი აქვს. ამიტომ უნდა გავბრაზდეთ საკმარისად იმისთვის, რომ ბევრი ადამიანი გამოვიდეს, რათა ხელისუფლებას ვაჩვენოთ, რომ ჩვენი უფლებების ბატონ-პატრონი ვართ! აუცილებლად უნდა მივაღწიოთ იმას, რომ ქვეყანა გაიხსნას, სწავლა აღდგეს, ტრანსპორტი გაიხსნას. ის რაც საქართველოში ხდება ჩვეულებრივი მონობა”, – განაცხადა დეკანოიძემ.

ცნობისთვის, მთავრობის ადმინისტრაციასთან ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვების მოხსნის მოთხოვნით საპროტესტო აქცია იმართება. ქვეყანაში დაწსებული შეზღუდვების მოთხოვნით საპროტესტო აქციები პერმანენტულად მიმდინარეობს.

 

იტვირთბა....