პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია განმარტავს, რა შემთხვევაში განახლდება სწავლის პროცესი საკლასო ოთახებიდან.
გიორგი გახარიას განცხადებით, როგორც კი ეპიდემიოლოგიური მაჩვენებელი 4%-ს ჩამოსცილდება, ყველაფერი უნდა გაკეთდეს სასწავლო დაწესებულებების ასამოქმედებლად. ამის შესახებ გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე ისაუბრა.
“ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რას ნიშნავს სკოლის მოსწავლეებისა და მათი მშობლებისთვის ხანგრძლივი პერიოდით სახლში ყოფნა და ის, რომ მათ არ აქვთ შესაძლებლობა ფიზიკურად იყვნენ სასწავლო კლასებში.
როგორც კი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა მოგვცემს შესაძლებლობას და როგორც კი მაჩვენებელი ჩამოცილდება 4%-ს, რა თქმა უნდა, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის რომ სწრაფად ავამოქმედოთ უკიდურესად მნიშვნელოვანი სფერო, განსაკუთრებით ჩვენი შვილებისთვის”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
საქართველოში კორონავირუსის 1 006 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 254 822 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 244 446 გამოჯანმრთელდა, 3 096 კი, გარდაიცვალა.