ახალი ამბები მედია მთავარი ჩვენი სტატიები

“საქართველო დახმარების გარეშე”: EFJ-ის სტატისტიკა ქვეყნების მიხედვით – რატომ არ ეხმარება ხელისუფლება მედიას

“ევროპის ჟურნალისტთა ფედერაცია”, (EFJ) რომლის სათაო ოფისი ბელგიაშია, დაინტერესდა თუ როგორ და რა სახით დაეხმარნენ პანდემიის დროს  ევროპის სხვადასხვა ქვეყნების მთავრობები საკუთარ, სხვადასხვა მედიასაშუალებებს მაშინ, როცა ჟურნალისტური სამყარო ორმაგი გამოწვევის წინაშე დადგა. საუბარია ჩაკეტილ პირობებში, სავალალო სიტუაციაში მყოფ მედიაზე, რომელსაც, როგორც EFJ-ის ხელმძღვანელობა ამბობს, შემოსავლები შეუმცირდათ, კონტრაქტორებმა ბევრს ან ხელშეკრულების პირობები შეუცვალეს, ან საერთოდ გაუუქმეს, რის გამოც მედია, განსაკუთრებით ბეჭდური, ასევე ონლაინგამოცემები და რადიოსადგურები ძალიან მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ.

EFJ-ს ევროპის თითქმის ყველა ქვეყანაში ჰყავს წევრი, მათი წარმომადგენელი ორგანიზაციები. გამონაკლისი არც საქართველოა. EFJ-ის წევრი საქართველოში “საქართველოს ჟურნალისტთა დამოუკიდებელი ასოციაციაა”, (IAGJ) რომელიც 2000 წელს დაარსდა.

“ჩვენ გვჭირდება დაზარალებული მედიის სასწრაფო აღდგენის სრული პაკეტი, იმისათვის, რომ დავიცვათ თითოეულ მედიასაშუალებაში მომუშავე ჟურნალისტები. ამისათვის საჭიროა მედიის მხარდაჭერა. ქვეყნების მთავრობებმა აუცილებლად უნდა გადახედონ მედიაში არსებულ კრიზისს და მისი დახმარება უნდა განიხილონ როგორც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მიმართულება. ამა თუ იმ ქვეყნის მთავრობამ უნდა მიიღოს აუცილებელი და სასწრაფო ზომები, რომ დაეხმარონ მედიას, რაც გააკეთა უკვე ევროპის ბევრმა ქვეყანამ, რადგან შესაძლოა ბევრი მედია საშუალების არსებობის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს, თუკი მათ პანდემიისა და კრიზისის პერიოდში დავტოვებთ მარტო მედია ბაზარზე” – ასეთი კომენტარი გააკეთა EFJ-ს ხელმძღვანელობამ “საქართველოს ჟურნალისტთა დამოუკიდებელ ასოციაციასთან”.

EFJ-მ პანდემიის დაწყებიდან 6 თვის შემდეგ შეისწავლა ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში არსებული მდგომარეობა (მათ შორის საქართველოშიც), თუ როგორ და რა სახით დაეხმარნენ მთავრობები თავიანთ ქვეყნებში მედიას.

EFJ-მ “საქართველოს ჟურნალისტთა დამოუკიდებელ ასოციაციას” გამოუგზავნა სტატისტიკა ქვეყნების მიხედვით. როგორი ადგილი უჭირავს საქართველოს? რითი დაეხმარა საქართველოს ხელისუფლება პანდემიის დროს მედიას მაშინ, როცა ევროპის რიგმა ქვეყანამ, კრიზისის დროს, მილიონობით დახარჯა საკუთარი მედიის მხარდასაჭერად? როგორც აღმოჩნდა, ევროპის სხვადასხვა ქვეყნების გვერდით სიაში არის საქართველოც, თუმცა მის გასწვრივ გრაფა ცარიელია და ვკითხილობთ ფრაზას – Georgia: NO ASSISTANCE  (იხილეთ მთლიანი ცხრილი).

როგორც ირკვევა, ევროკავშირისკენ მიმავალი ქვეყანა საერთოდ არც კი უყურებს, არც კი სწავლობს და მით უმეტეს, არც კი იღებს იმ რეკომენდაციებს, რომლებსაც საერთაშორისო ინსტიტიტები იძლევიან. არადა, EFJ არის ორგანიზაცია, რომელსაც პერმანენტული ურთიერთობა აქვს ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყნებთან. მას ჰყავს გაწევრიანებული მედია ორგანიზაციები ევროპის თითქმის ყველა ქვეყნიდან. EFJ პერიოდულად გვზავნის დასკვნებს ევროპის პარლამენტში ამა თუ იმ ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობაზე და საბოლოოდ, გარკვეული დოზით, ეს პირდაპირ ისახება ქვეყნის იმიჯზე.

“საქართველოს ჟურნალისტთა დამოუკიდებელი ასოციაციის” პრეზიდენტი და გაზეთ “ფაინენშელის” რედაქტორი ზვიად ფოჩხუა ბელგიაში დაუკავშირდა ევროკავშირის სათაო ოფისს და თხოვა კომენტარი, საქართველოს მთავრობის მხრიდან მედიის დახმარების აუცილებლობასთან დაკავშირებით. მოგვიანებით, ევროკავშირის საქართველოს წარმომადგენლობამ, IAGJ-ის ხელმძღვანელობასთან მზადყოფნა გამოთქვა ელჩთან შეხვედრაზე. აღნიშნული შეხვედრის შემდეგ, “მეტრონომი” ოპერატიულად მოგაწვდით ინფორმაციას დეტალებზე.

გენო ჯოხიძე

 

 

 

იტვირთბა....