“რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის, შეხვედრა ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენელთან არის რუსეთის მხრიდან მორიგი პროვოკაციული ნაბიჯი, რომელიც წარმოადგენს საქართველოს სახელმწიფოებრიობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართული პოლიტიკის გაგრძელებას”, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელბს.
უწყების ცნობით, მსგავსი ქმედებებით რუსეთი ამაოდ ცდილობს, მოახდინოს საოკუპაციო რეჟიმების ლეგიტიმაცია იმ ფონზე, როდესაც 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით აღებული ვალდებულებების უხეში დარღვევით აგრძელებს საქართველოს განუყოფელი რეგიონების ოკუპაციას და მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ ნაბიჯების გადადგმას.
,,საერთაშორისო საზოგადოება ურყევად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას და ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკას. საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო საზოგადოების მტკიცე პოზიცია კიდევ ერთხელ დაადასტურა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებამ, რომელმაც ერთმნიშვნელოვნად დაადგინა, რომ რუსეთის ფედერაცია ახორციელებს საქართველოს განუყოფელი რეგიონების — აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის უკანონო ოკუპაციასა და ეფექტურ კონტროლს და არღვევს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას.
სტრასბურგის სასამართლომ სწორედ რუსეთის ფედერაციას დააკისრა პასუხისმგებლობა 2008 წლის აგვისტოს ომის მიმდინარეობისას ისევე, როგორც ომის შემდგომ, ოკუპაციის პერიოდში საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმებისა და ადამიანის უფლებების უხეში დარღვევებისთვის, მათ შორის ასობით ათასი იძულებით გადაადგილებული პირისა და ლტოლვილისთვის საკუთარ სახლში დაბრუნების უფლების ხელყოფისთვის. აღნიშნული გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საქართველოს სამართლიანი და მშვიდობიანი ბრძოლის მნიშვნელობას ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის განმტკიცების მიმართულებით”, – აცხადებენ საქართველოს საგარეო უწყებაში.