ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

საქართველო, ნატო და მაპი

ნატო-მ საქართველოს შესახებ კომუნიკე მიიღო

ვარშავის სამიტისთვის ნატო საქართველოსთან პოლიტიკური და სამხედრო თანამშრომლობის ახალ პრაქტიკულ გზებს შეისწავლის, – ამის შესახებ ნათქვამია ნატო-ს 28 წევრი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების კომუნიკეში.
“2008 წლის ბუქარესტის სამიტზე ჩვენ შევთანხმდით, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი და მიიღებს MAP-ს, როგორც ამ პროცესის განუყოფელ ნაწილს. დღეს კვლავ ვადასტურებთ ამ გადაწყვეტილებას, ისე როგორც შემდგომ გადაწყვეტილებებს.
ჩვენ მივესალმებით იმ მნიშვნელოვან პროგრესს, რომელიც მიღწეულ იქნა 2008 წლის შემდეგ. საქართველოს ურთიერთობა ალიანსთან შეიცავს ყველა პრაქტიკულ ინსტრუმენტს, რომელიც საჭიროა საბოლოო წევრობისთვის მოსამზადებლად”, – ნათქვამია კომუნიკეში.
ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრები, ასევე, მოუწოდებენ საქართველოს, გააგრძელოს ალიანსთან დაახლოების ყველა შესაძლებლობის სრული გამოყენება.
“ჩვენ მივესალმებით მნიშვნელოვან პროგრესს ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელების გზაზე, მათ შორის ერთობლივი სწავლებების დაწყებას, მომზადებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის გახსნას, რომელიც ეხმარება საქართველოს, გააძლიეროს ქვეყნის თავდაცვითუნარიანობა და სამხედრო შესაძლებლობები”, – ნათქვამია კომუნიკეში.
გარდა ამისა, ალიანსის საგარეო საქმეთა მინისტრები აცხადებენ, რომ კვლავ გააგრძელებენ ყველა რესურსის უზრუნველყოფას, რომელიც არსებითი პაკეტის იმპლემენტაციისთვის არის საჭირო და რომელიც მიმართულია საქართველოს შესაძლებლობების განმტკიცებისკენ.
“ვარშავის სამიტისთვის მზადების ფარგლებში, ჩვენ შევისწავლით ახალ, პრაქტიკულ გზებს, რათა უფრო ინტენსიური გავხადოთ ძალისხმევა, მაღალი დონის პოლიტიკური დიალოგის და მზარდი კოოპერაციის გზის ჩათვლით, მათ შორის თავდაცვისა და სტრატეგიული კომუნიკაციების სფეროში.
ნატო აღიარებს საქართველოს ძალისხმევას, გააძლიეროს დემოკრატია, მათ შორის მოახდინოს სასამართლო სისტემის და უსაფრთხოების სამსახურების რეფორმირება და სამხედრო ძალებისა და თავდაცვის ინსტიტუტების მოდერნიზება.
მედიის თავისუფლებისა და კანონის უზენაესობის კუთხით ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით, ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს, შეინარჩუნოს ტემპი რეფორმების ძალისხმევაში, რომელსაც ჩვენ კვლავ ვუჭერთ მხარს.
ნატო მაღალ შეფასებას აძლევს საქართველო კონტრიბუციას ნატო-ს სწრაფი რეაგირების ძალებში და ჩვენ ოპერაციებში ავღანეთში და აღიარებს იმ მსხვერპლს და წვლილს, რომელიც ქართველმა ხალხმა ჩვენს საერთო უსაფრთხოებაში შეიტანა.
ჩვენ კვლავ ვადასტურებთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერას, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
ჩვენ მივესალმებით საქართველოს გადაწყვეტილებას ძალის გამოუყენებლობის შესახებ და მოვუწოდებთ რუსეთს, მიიღოს ანალოგიური გადაწყვეტილება.
ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, გააუქმოს საქართველოს რეგიონების, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარების გადაწყვეტილება და გაიყვანოს ჯარები საქართველოდან.
ნატო არ აღიარებს ე.წ. შეთანხმებებს, რომელიც 2014 წლის ნოემბერში რუსეთსა და საქართველოს რეგიონ აფხაზეთს შორის, 2015 წლის მარტში კი, საქართველოს რეგიონ სამხრეთ ოსეთსა და რუსეთს შორის დაიდო.
ეს შეთანხმებები არღვევს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიულ მთლიანობას და უხეშად ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლისა და ეუთო-ს პრინციპებს, ასევე რუსეთის მიერ აღებულ საერთაშორისო ვალდებულებებს.
ჩვენ მოვუწოდებთ ჟენევის მოლაპარაკებების ყველა მონაწილეს, შეასრულოს კონსტრუქციული როლი და გააგრძელოს მჭიდრო მუშაობა ეუთო-სთან, გაერო-სთან და ევროკავშირთან, რათა მოხდეს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით გადაწყვეტა საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორიის ფარგლებში”, – ნათქვამია ნატო-ს კომუნიკეში.

იტვირთბა....