ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის თქმით, საქართველო კორონავირუსის ვაქცინაციისთვის მზადაა.
„ის, რომ საქართველო ძალიან აქტიურად არის ამ პროცესში ჩართული და ძალისხმევას არ იშურებს არც ერთ დონეზე – არც ექიმების, არც სამთავრობო, ჯანდაცვის სამინისტროს, არც პარლამენტის დონეზე, მისასალმებელია და მიუთითებს იმ პასუხისმგებლობაზე, იმ მნიშვნელობაზე, რასაც ქვეყანა ვაქცინას ანიჭებს.
რა თქმა უნდა, ერთია ვაქცინის მოწოდება, როდის, როგორ, რამდენს მოგვაწოდებენ, ეს არ არის მთლად ჩვენს ქვეყანაზე დამოკიდებული, ეს დამოკიდებულია მწარმოებლებზე, დღესდღეობით ვაქცინის თუ რა რაოდენობა არის ხელმისაწვდომი მსოფლიოში, მეორეა ჩვენი ქვეყნის მზადყოფნა. აი, აქ კითხვის ნიშნები არ უნდა დარჩეს, ჩვენი ქვეყანა უნდა იყოს მაქსიმალურად მზად იმისთვის, რომ ვაქცინის მოწოდების შემთხვევაში, შიდა მიზეზებით, რამე ორგანიზაციული ან ლოგისტიკური მიზეზებით არ მოხდეს ვაქცინაციის შეფერხება და შეყოვნება. ამ კუთხით საკოორდინაციო საბჭოს, სამთავრობო და პარლამენტის გადაწყვეტილებაც მნიშვნელოვანია
დამტკიცებულია ძალიან კარგი გეგმა, მე არ ვარ უშუალოდ საბჭოს წევრი, ვიცნობ ამ გეგმას. მიმაჩნია, რომ ეს გეგმა არის ოპტიმალური და მაქსიმალურად გათვლილი ქვეყნის და ადამიანის ინტერესებზე.
რაც შეეხება კლინიკების მოწყობას ინფრასტრუქტურის კუთხითაც – ცალკე შესასვლელები და გარემო, სადაც აცრები განხორციელდება, ამ მიმართულებით ძირითადად პრობლემები იქნება პირველ პარტიაზე, რომელიც სავარაუდოდ „ფაიზერის“ ვაქცინა იქნება. სწორედ „ფაიზერის“ ვაქცინა მოითხოვს ლოჯისტიკის ასეთ განსაკუთრებულ პირობებს და გარკვეულ ფაქიზ მოპყრობას. ეს საკითხი პრინციპულად გადაწყვეტილია, რადგან თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში არის შესაბამისი აღჭურვილობა, მხედველობაში მაქვს -80 გრადუსიანი მაცივრები და შენახვის თვალსაზრისით არავითარი პრობლემა არ შეიქმნება.
არანაირი განსაკუთრებული მზადება არ ხდება. ჩვენ გვაქვს ამისთვის გამოყოფილი ფართი, გვყავს ძალიან კვალიფიციური, უმაღლესი კვალიფიკაციის ექიმები, რომლებიც დღემდე ძალიან წარმატებით მართავენ ამ კოვიდ პანდემიას. მინდა, გითხრათ, რომ ჩვენს საავადმყოფოს აქვს გადარჩენის ყველაზე საუკეთესო მაჩვენებელი არა მხოლოდ ქვეყანაში, არამედ ევროპაშიც. იგივე ექიმები განახორციელებენ ძალიან წარმატებით ვაქცინის გამოყენებას.
ჩვენ გვაქვს ძალიან კარგად აწყობილი ჟანგბადის მიწოდების სისტემა, თუ ეს საჭირო იქნება, გვაქვს უახლესი სუნთქვის აპარატებით მოწყობილი რეანიმაცია, ეს არ გახდება საჭირო, თუმცა ათასში, თუ მილიონში ერთხელ რომ გახდეს საჭირო, ამ ყველაფერს ჩვენი კლინიკა ხვდება ასპროცენტიანი მზადყოფნი.“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
რაც შეეხება საკანონმდებლო ინიციატივას, ვაქცინასთან დაკავშირებით ეს სტანდარტული პროცედურაა. ორივე მხარეს უნდა ჰქონდეს პასუხისმგებლობა – მწარმოებელ და მიმღებ მხარესაც. ეს სტანდარტული პროცედურებია, ამაში ახალი არაფერია, ყოველი ვაქცინის წინ ხდება მსგავსი პასუხისმგებლობის განაწილება.
ვაქცინაციის პროცესს ქვეყანა შეხვდება მაქსიმალური 100%-იანი მზადყოფნით. სულ მიცირე ხინჯიც კი არ იქნება “, – დასძინა თენგიზ ცერცვაძემ.