ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტი(NDI) ახალი კვლევის ერთი ნაწილი 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებსაც ეხება. კვლევის ფარგლებში, მოქალაქეებმა გასცეს პასუხი კითხვაზე, როგორ გარემოში ჩატარდა საპარლამენტო არჩევნები.
კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 77% აცხადებს, რომ საპარლამენტო არჩევნების პირველ ტურში მონაწილეობა მიიღო. მათგან, 92% არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ საარჩევნო უბნებზე შემავიწროვებელი/შემაშინებელი გარემო იყო.
ამასთან, კვლევით დადგინდა, რომ გამოკითხულთა 31% მიიჩნევს, რომ მის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს „ქართული ოცნება“ დგას, 5 – „ნაციონალურ მოძრაობას“ ასახელებს, 25% კი არც ერთ პარტიას.
ცნობისთვის, ორგანიზაციამ გამოკითხვა 17-24 დეკემბერის პერიოდში, სატელეფონო ინტერვიუს მეთოდით ჩაატარა. რესპონდენტები მარტივი შემთხვევითი გზით – შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ. კვლევაში გამოყენებულია 2 053 დასრულებული ინტერვიუ. საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 1.1% -ია, თუმცა, NDI აღნიშნავს, რომ ცდომილების ზღვარი იცვლება სხვადასხვა კითხვის მიხედვით. ინტერვიუები ჩატარდა ქართულ, აზერბაიჯანულ, სომხურ და რუსულ ენებზე. კვლევა საქართველოს მთლიანი მოსახლეობის წარმომადგენლობითია (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით).
სატელეფონო გამოკითხვები NDI-ის დაკვეთით CRRC საქართველომ ჩაატარა. კვლევა ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით.