პარტია „ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის შეფასებით, :”ნაციონალური მოძრაობის” რეიტინგი ისტორიულ მინიმუმზეა. აღნიშნულით მამუკა მდინარაძე ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის(NDI) ახალი კვლევის იმ შედეგებს გამოეხმაურა, რომელიც ოპოზიციური პარტიების მხარდაჭერას ეხება.
მდინარაძის თქმით, კვლევამ აჩვენა, რომ მოსახლეობის 2/3 მოუწოდებს ოპოზიციურ პარტიებს, პარლამენტში შემოვიდნენ.
“ისტორიულ მინიმუმზეა „ნაცმოძრაობის” რეიტინგი, რაც „ქართული ოცნების” რეიტინგთან შედარებით 6-ჯერ ნაკლებია და გამოკითხულ იმ რესპოდენტთა 68%, ვინც სართოდ აფიქსირებს კონკრეტული პარტიის მხარდაჭერას, მხარს „ქართულ ოცნებას” უჭერს. ასევე ფაქტია, ეს არ არის ჩვენი მოსაზრება, NDI-ც ამბობს თავისი შედეგებით, რომ საქართველოს მოსახლეობის 2/3 მოუწოდებს ოპოზიციურ პარტიებს, რომ პარლამენტში შემოვიდნენ”,- აცხადებს მდინარაძე.
როგორც მდინარაძემ NDI-ის კვლევის შედეგებზე საუბრისას ჟურნალისტებს განუცხადა, მნიშვნელოვანია, ოპოზიციურმა პარტიებმა მონაწილეობა მიიღონ პარლამენტის მუშაობაში, სადაც მმართველი გუნდი დებატებშიც შევა და კრიტიკასაც მიიღებს.
ცნობისთვის, ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტი(NDI) ახალი კვლევის შედეგებს აქვეყნებს, რომლის ერთ-ერთი კითხვაა, თუ რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს.
აღნიშნულ კითხვაზე გამოკითხულთა ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა: “ქართული ოცნება” (31%), „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”(5%). რაც შეეხება სხვა პარტიებს -“პატრიოტთა ალიანსი”; “სტრატეგია აღმაშენებელი”; “გირჩი”; “ევროპული საქართველო”; “ლელო”; “ლეიბორისტული პარტია”, ისინი ჯამურად გამოკითხულთა 9%-ის შეხედულებებთანაა ახლოს.