„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას კიდევ ერთხელ აფასებს. ნათელაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ სტრასბურგის ამ ვერდიქტით, ცხინვალი საქართველოს უფრო მეტად დასცილდა, ვიდრე აქამდე იყო.
„ახლა მეც ჭეშმარიტად თქვენთან ერთად გავიხარე როდესაც ევროსასამართლოს ვერდიქტზე შევიტყვე, მაგრამ როდესაც გავეცანი ამ გადაწყვეტილებას სადაც პირდაპირ წერია, რომ 7 აგვისტოს რუსეთის ჯარები არ ყოფილა საქართველოში და რუსეთი პასუხს არ აგებს რაც ხდებოდა ცხინვალის რეგიონში 8 -12 აგვისტოს რადგან ისინი თურმე იცავდნენ მშვიდობისმყოფელებსა და სამოქალაქო მოსახლეობას საქართველოს შეიარაღებული ძალებისაგან და ა. შ მოკლედ სიხარულიდან არაფერი აღარ დამრჩა.
მესმის რომ ყოფილ და ახლანდელ მმართველ ძალებს სურთ დააფიქსირონ საკუთარი დამსახურებანი აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებაში, მაგრამ დამერწმუნეთ ამ ვერდიქტით ცხინვალის რეგიონი უფრო მეტად დაგვცილდა ვიდრე აქამდე იყო. ამიტომ არ არსებულ გამარჯვებებზე საუბარს მოვრჩეთ და ნუ მივაძინებთ სამუდამოდ ამ ოპიუმით იმ სახალხო ჟინს რამაც დიდი საქართველო უნდა აღგვადგენინოს. P.S შთაბეჭდილება რჩება,რომ ევროპის სასამართლომ დისპოზიციურ ნაწილში ბიძინა ივანიშვილისა და სალომე ზურაბიშვილის პუტინთან მომზადებული განცხადებები ასახა იმის თაობაზე თითქოს ჩვენს მიწაზე ჩვენვე გავაჩაღეთ ომი“, – წერს ნათელაშვილი.
ცნობისათვის, 21 იანვარს, 2008 წლის ომის საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ გადაწყვეტილება გამოაცხადა. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო დაეთანხმა საქართველოს მოთხოვნას, რომ რუსეთმა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არაერთი მუხლი დაარღვია.