“ვუერთდებით ამ აქციას და ვაპროტესტებთ იმ უსამართლო, არამართლზომიერ, არათანასწორ შეზღუდვებს, რომელიც მთავრობამ ჯერ დააწესა, ახლა კი აღარ უნდა შერბილება,- ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, სერგო ჩიხლაძემ განაცხადა.
მისივე განმარტებით, მშიდობიანი პროტესტი არის კონსტიტუციით გარანტირებული და დაცული და პროტესტი იქნება ზეწოლის ერთ-ერთი მეთოდი როგორც სოციალურ, ასევე პოლიტიკურ საკითხებზე.
„ეს ქმედებები მთავრობის კიდევ უფრო დაამძიმებს სოციალურ ფონს, კიდევ უფრო ღრმა ჩიხში შეიყვანს ეკონომიკას და სხვათაშორის, ჯანდაცვის სისტემაც, რომელიც ეკონომიკის ნაწილია კიდევ უფრო მეტ ზიანს მიიღებს. ზუსტად ამ პროტესტის მიზანია დღეს, რომ მთავრობაზე წნეხი მოვახდინოთ საზოგადოებამ, პოლიტიკურმა პარტიებმა, არასამთავრობო სექტორმა, რომ რაც შეიძლება ნაკლები შეცდომა დაუშვან, ეს არის ამ პროტესტის მიზანი, შეიძლება იმ წუთას არ დგამს ხელისუფლება ნაბიჯებს, მაგრამ ეს წნეხი, არგუმენტირებული კრიტიკა ყოველთვის აიძულებდა მთავრობას, რომ დაეკორექტირებინა თავისი ქმედბეები და იმედი მაქვს ეს პროტესტიც და შემდეგიც გამოიღებს შედეგს“, – განაცხადა ჩიხლაძემ.
შეგახსენებთ, კორონავირუსის პრევენციისთვის დაწესებული შეზღუდვების მოხსნის მოთხოვნით, პარტია „გირჩი-მეტი თავისუფლება“-ს ორგანიზებით დღეს აქცია გაიმართება. აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან 14:00 საათზე დაიწყება. აქციას სხვადასხვა ოპოზიციური პარტიები უერთდებიან.