„თქვენ ჯერ დააკავეთ აჭარელი თემური, მერე აიუფი და მასთან ერთად კიდევ რამდენიმე პირი. მათ საქართველოს წინააღმდეგ არაფერი ჩაუდენიათ. ვინც არიან დარჩენილები, არავინ შეეხოს. იცით, რომ საქართველოზეც მიგვიწვდება ხელი. შემდეგ პარასკევს დაველოდებით. თუ საჭიროდ ჩათვლით, გამოგვეხმაურეთ, თუ არადა, საქართველოში მცხოვრები მოქალაქეების და იქ მყოფი ტურისტების უსაფრთხოება დასრულდება“, – საქართველოს მთავარი პროკურატურის მტკიცებით, ეს მუქარა „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ–ერთი დაჯგუფების, „იარმუკის“ მეთაურმა ახმედ ჩატაევმა შემოუთვალა საქართველოს.
მუქარის ტექსტი თბილისის საქალაქო სასამართლოში, ტერორიზმის ხელშეწყობის ბრალდებით დაკავებული აიუფ ბორჩაშვილის და კიდევ სამი პირის სისხლის სამართლის საქმის განხილვისას წაიკითხეს.
პროკურორ ზვიად ფხაკაძის განცხადებით, გამოძიებამ გაარკვია, რომ 2015 წლის ზაფხულში, ანუ მას შემდეგ, რაც კონტრტერორისტულმა ცენტრმა აიუფ ბორჩაშვილი დააკავა, ახმედ ჩატაევს საქართველოს მოქალაქე ალექსანდრე თალაკვაძესთან ჰქონდა მიმოწერა.
„ჩატაევმა თალაკვაძეს რამდენიმე შეტყობინება გაუგზავნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის გადასაცემად. კონტრტერორისტულმა ცენტრმა ალექსანდრე თალაკვაძის განცხადების საფუძველზე მისი კუთვნილი მობილური ტელეფონი შეამოწმა. თალაკვაძე აცხადებდა, რომ მისი ტელეფონი ინახავდა მიმდინარე წლის ივნისსა და ივლისში ახმედ ჩატაევისგან გამოგზავნილ ხმოვან აუდიო ჩანაწერებს. დათვალიერებისას აღმოჩნდა საქაღალდე, რომელშიც იყო 12 ხმოვანი აუდიო ჩანაწერი რუსულ ენაზე. ჩანაწერები გამოგზავნილია „Viber“-ში დარეგისტრირებული მომხმარებლის მიერ, რომელიც თალაკვაძის ტელეფონის კონტაქტებში შენახულია როგორც jaj“, – აღნიშნა პროკურორმა.
მისივე განმარტებით, ჩატაევის მიერ საქართველოს შსს–თვის გადასაცემად გაგზავნილ რამდენიმე ჩანაწერში ხმა არ ისმის, დანარჩენი აუდიო ჩანაწერების შინაარსი კი ასეთია:
„თქვენ დააკავეთ თემური აჭარელი, ახლა აიუფი და მასთან ერთად სხვა პირები. მათ საქართველოს წინააღმდეგ არაფერი ჩაუდენიათ.
ჩვენ თვალი როგორც არ უნდა დავხუჭოთ, თქვენ თქვენი პოლიტიკა გაქვთ, ჩვენ ჩვენი და საერთო ენას გამოვნახავთ.
ვინც არიან დარჩენილები ბიჭები, არ შეეხოს არავინ.
იმედი გვაქვს, იცით, რომ საქართველოზეც მიგვიწვდება ხელი, შემდეგ პარასკევს დაველოდებით. თუ საჭიროდ ჩათვლით, გამოგვეხმაურეთ, თუ არადა, საქართველოში მცხოვრები მოქალაქეების და იქ მყოფი ტურისტების უსაფრთხოება დასრულდება.
რაც მინდოდა მეთქვა, ვთქვი, ვუცდით შედეგს შემდეგ პარასკევამდე“.
სისხლის სამართლის საქმის მასალების მიხედვით, 2015 წლის 10 ივლისს, საღამოს, ახმედ ჩატაევი ალექსანდრე თალაკვაძეს კიდევ შეეხმიანა და დაინტერესდა, იყო უ არა გადაცემული მისი გზავნილი შესაბამისი ორგანოებისთვის და რა რეაგირება მოხდა.
აღნიშნული შეტყობინებები პროკურატურამ პროცესზე მტკიცებულების სახით წარმოადგინა:
შეტყობინებები ახმედ ჩატაევისგან:
13:52 საათზე – ალეკო, კავშირზე ხარ თუ არა?
20:13 საათი – ალეკო, რა გადაწყდა, ხო თუ არა?
(თალაკვაძის პასუხი) 23:01 საათი – კავშირზე ვარ.
23:49 საათი – ეხლა პასუხი არ არის როგორც მივხვდი, ასეა?
უპასუხო ზარი „Viber“-ში.
23:56 საათი – კარგი.
23:57 საათი – ყველაფერი გასაგებია ჩემთვის, მე მეტად კავშირზე აღარ ვიქნები.
ჩანაწერების მიხედვით, ჩატაევის შეტყობინებებს თალაკვაძემ 11 ივლისს, 09:08 საათზე უპასუხა: „ძმაო, ნუ გააკეთებ ნაჩქარევ დასკვნებს. ჯერ არ არის არანაირი პასუხი, არც კი, არც არა. მოვიცადოთ. ხომ გესმის, ასეთი საკითხები სწრაფად არ წყდება“.
კახეთის საინფორმაციო ცენტრის კითხვაზე, თუ საიდან იცნობს ახმედ ჩატაევი ალექსანდრე თალაკვაძეს, აიუფ ბორჩაშვილის ადვოკატი გელა ნიკოლაიშვილი პასუხობს: „როგორც ალექსანდრე თალაკვაძემ მიმდინარე წლის, 1 დეკემბრის პროცესზე თქვა, ახმედ ჩატაევმა და მან ერთმანეთი წლების წინ, საპყრობილეში გაიცნეს. თალაკვაძე თაღლითობის ბრალდებით უკრაინაში დააკავეს, რის შემდეგაც მისი ექსტრადიცია საქართველოში განახორციელეს. თალაკვაძემ თქვა, რომ ის და ჩატაევი ერთ საკანში იყვნენ“.
როგორც ცნობილია, ახმედ ჩატაევი უკრაინაში 2010 წლის იანვარში დააკავეს და 3 თვის განმავლობაში დაპატიმრებული იყო. ამავე პერიოდში დააკავეს უკრაინაში ალექსანდრე თალაკვაძეც.
ალექსანდრე თალაკვაძემ მისი და ჩატაევის მიმოწერის შესახებ სასამართლოს ჩვენება დახურულ სხდომაზე მისცა.
ბორჩაშვილის მეორე ადვოკატის გია ტაბლიაშვილის განცხადებით, ჩატაევის მუქარას აიუფ ბორჩაშვილთან არანაირი კავშირი არ აქვს.
„სისხლის სამართლის კანონმდებლობაში განმარტებულია, რომ მოსამართლე უნდა დაეყრდნოს იმას, არის თუ არა ადამიანის მოქმედებაში დანაშაული. ამ საქმეში აიუფ ბორჩაშვილი არაფერ შუაშია. ტერორისტი თუ დარეკავს, ეს ბორჩაშვილის ბრალი არ არის. თუ დაინახეს დანაშაულის ნიშნები, აღძრან საქმე და გამოიძიონ. აიუფ ბორჩაშვილის საქმეში 5 ტომი მარტო ტერაქტებს ეხება, მაგრამ ამ საქმეებთან მას კავშირი არ აქვს. ჩატაევი ამბობს, ვინც ტერორიზმის ბრალდებით დააკავეთ, საქართველოს კეთილისმსურველები არიან და ქვეყნის წინააღმდეგ არაფერი გაუკეთებიათო“, – განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს გია ტაბლიაშვილმა.
მტკიცებულებების გამოკვლევის გარდა, 1 დეკემბერს გამართულ პროცესზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლები იაშარ სულეიმანოვი და დავით გომელაური დაიკითხნენ. პროკურორის შუამდგომლობით და მოსამართლე ლილი მსხილაძის გადაწყვეტილებით, სხდომის ეს ნაწილი დახურული იყო.
რაც შეეხება „ჩატაევის მუქარაში“ ნახსენებ აჭარელ თემურს, იგი თემურ ბახუნტარაძეა. 2013 წლის 13 სექტემბერს ის ბათუმში დააკავეს 20 წლის ფირუზ წულუკიძესთან ერთად, მას შემდეგ რაც რუსეთის ფედერაციის მოქალაქე იუსუფ ლაკაევმა ბათუმში პოლიციელებს ცეცხლი გაუხსნა. დაკავებამდე ლაკაევი ბათუმში ბახუნტარაძის დახმარებით ცხოვრობდა დაქირავებულ ბინაში. წულუკიძე და ბახუნტარაძე დაპატიმრებამდე აცხადებდნენ, რომ ისინი შსს–ს მიერ რელიგიური ნიშნით იდევნებოდნენ. სასამართლომ ისინი დამნაშავეებად ცნო და თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
რამდენიმე დღის წინ, კონტრტერორისტული ცენტრის მიერ, ე.წ. „ისლამურ სახელმწიფოსთან“ შესაძლო კავშირის ბრალდებით დაკავებული ოთხი პირიდან ერთ–ერთი გია ბახუნტარაძე თემურ ბახუნტარაძის შვილია.
შსს კონტრტერორისტულმა ცენტრმა პანკისის ხეობის სოფელ ჯოყოლოს ყოფილი იმამი, 36 წლის აიუფ ბორჩაშვილი 2015 წლის 14 ივნისს დააკავა. გამოძიების ინფორმაციით, დადგინდა, რომ აიუფ ბორჩაშვილი არის სირია-ერაყის ტერიტორიაზე მოქმედი ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ წარმომადგენელი საქართველოში. იგი ტერორისტულ ორგანიზაციაში გაწევრიანების მიზნით მოქალაქეების გადაბირებას ახდენდა და შემდგომში საომარ მოქმედებებში მონაწილეობის მისაღებად, სირიაში მათ გამგზავრებას უზრუნველყოფდა. აიუფ ბორჩაშვილს ბრალი ედება სკოლის მოსწავლეების, 16 წლის მუსლიმ კუშტანაშვილის და 18 წლის რამზან ბაღაკაშვილის გადაბირებასა და სირიაში გაგზავნაშიც.
ბორჩაშვილის წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსი 327 პრიმა და 328–ე მუხლებით მიმდინარეობს. 327 პრიმა მუხლი ტერორისტულ ორგანიზაციაში გაწევრებისათვის გადაბირებას გულისხმობს და სასჯელის სახით ხუთიდან ათ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 328–ე მუხლი კი უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებას ან ტერორისტულ საქმიანობაში მის დახმარებას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ათიდან ჩვიდმეტ წლამდე.
ბორჩაშვილის გარდა დაკავებულები არიან თბილისში მაცხოვრებლები: კომპანია „სილქნეტის“ ყოფილი თანამშრომელი 23 წლის გიორგი ხუტუნიშვილი, 21 წლის გიორგი კუპრავა და 18 წლის დავით ფირისებია. მათ წინააღმდეგ გამოძიება სსკ–ის 328–ე მუხლით მიმდინარეობს. პროკურატურის ინფორმაციით, ისინი აიუფ ბორჩაშვილმა გადაიბირა და „ისლამურ სახელმწიფოში“ გაწევრიანებისთვის, თურქეთის გავლით სირიაში მიემგზავრებოდნენ. ორი მათგანი თბილისის აეროპორტში დააკავეს თურქეთში გამგზავრებამდე, ხოლო მესამე, თბილისში ცალკე აიყვანეს. არცერთი მათგანი წაყენებულ ბრალდებას არ აღიარებს. დაკავებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვთ შეფარდებული.
წყარო: www.ick.ge