ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“სახელმწიფო სუბსიდირება რომ არა, პურზე ფასი სავარაუდოდ 15-20 თეთრით გაიზრდებოდა” – ლევან სილაგავა

“სახელმწიფო სუბსიდირება რომ არა, სამწუხაროდ, პურზე ფასი სავარაუდოდ იქნებოდა15-20 თეთრით გაზრდილი”, – აღნიშნულის შესახებ  ხორბლისა და ფქვილის  მწარმოებელთა  ასოციაციის აღმასრულებელმა  დირექტორმა, ლევან სილაგავამ “პირველ არხთან” საუბარში განაცხადა.

სილაგავას განმარტებით, ფქვილის ფასის სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამა ორ ეტაპად ხორციელდება. კერძოდ, მისივე თქმით, პირველ ეტაპზე, დეკემბერ-იანვარში, როდესაც საქართველოს თავისუფალ ბაზარზე ერთი ტომარა პირველი ხარისხის ფქვილი 63 ლარი ღირდა, ათლარიანი სუბსიდია საკმარისი იყო, თუმცა უკვე თებერვალსა და მარტში, გლობალურ ბაზრებზე ხორბლის მნიშვნელოვანი გაძვირების შედეგად, საქართველოშიც ფქვილის ფასი 68 ლარამდე გაიზარდა.

„ამიტომ გახდა საჭირო სუბსიდირების თანხის 15 ლარამდე გაზრდა, რათა ქვეყანაში ყოველდღიური მოხმარების, ე.წ ქარხნული პური მომდევნო თვეებშიც არ გაძვირდეს.

ვიცით, რომ მსოფლიო ბაზრებზე სერიოზული რყევები იყო 2020 წლის განმავლობაში. სამწუხაროდ, ახლაც გრძელდება და ხორბლის ფასი საკმაოდ მაღალია. თუ 2020 წლის სექტემბერში ერთი ტონა ხორბლის ფასი 200 დოლარი იყო, ახლა უკვე 300 დოლარია. შესაბამისად, მთავრობამ განახორციელა ოთხთვიანი სუბსიდირების პროგრამა ფქვილზე, რათა ყოველდღიური მოხმარების, ქარხნულ პურზე ფასის გაზრდა არ მომხდარიყო. ეს ოთხთვიანი პროგრამა, პირველი დეკემბრიდან დაიწყო. ტენდერის პირობა იყო, რომ წისქვილკომბინატებს პურის ქარხნებისთვის ერთი ტომარა პირველი ხარისხის ფქვილი 53 ლარად მიეწოდებინათ იმისათვის, რომ პური არ გაძვირებულიყო. თუმცა პირველი ტენდერის დროს, ანუ 2020 წლის დეკემბერში თუ ერთი ერთი ტომარა პირველი ხარისხის ფქვილის ფასი ჩვენთან, თავისუფალ ბაზარზე იყო 63 ლარი, დღეს უკვე მსოფლიო ბაზრებზე ხორბლის გაძვირების პარალელურად, საქართველოში თავისუფალ ბაზრებზე ერთი ტომარა ფქვილის ფასი არის 67-68 ლარის ფარგლებში. შესაბამისად იმისათვის, რომ წისქვილკომბინატებმა მიაწოდონ პურის ქარხნებს 53 ლარად ფქვილი, აღარ არის საკმარისი 10-ლარიანი სუბსიდია და საჭირო გახდა სუბსიდირების თანხის 15 ლარამდე გაზრდა“, – განუცხადა საქართველოს პირველ არხს ლევან სილაგავამ.

ამასთან, ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის განმარტებით, 27 იანვარს გამოცხადდება ტენდერი და ნებისმიერ წისქვილკომბინატს შესაძლებლობა ექნება მიიღოს მასში მონაწილეობა თავისუფალი პრინციპით. სილაგავას თქმით, წისქვილკომბინატების მხრიდან ინტერესი სავარაუდოდ მაღალი იქნება.

„ეს სუბსიდირების პროგრამა მოიცავს ახლა უკვე პირველი თებერვლიდან, პირველ აპრილამდე დღევანდელი ფასის დაჭერას. მონაწილე კომპანიები ამ პირობით შედიან ტენდერში, რომ 53 ლარად მიაწოდებენ პურის ქარხნებს ფქვილს, რომ ყოველდღიური მოხმარების, ე.წ. ქარხნული პური არ გაძვირდეს. რომ არა სახელმწიფო სუბსიდირება, სამწუხაროდ ფასი იქნებოდა პურზე სავარაუდოდ 15-20 თეთრით გაზრდილი. ეს იყო იძულებით გადადგმული ნაბიჯი მთავრობის მიერ იმისათვის, რომ ყოველდღიური მოხმარების პური არ გაძვირებულიყო“, – აღნიშნა ლევან სილაგავამ.

იტვირთბა....