“არანაირი გონივრული ახსნა ვინმეზე ზრუნვის ამ საკითხში აღარ არსებობს. ეს არის მონობის დაანონსება,” – აღნიშნული განცხადება ყოფილმა დეპუტატმა, ელენე ხოშტარიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც ხოშტარია აცხადებს, ხელისუფლებამ ადამიანებს ყველანაირი ახსნა განმარტების გარეშე უთხრა, რომ კიდევ ერთი თვე იშიმშილეთ.
„ხელისუფლების გუშინდელი აბსოლუტურად თავხედური გადაწყვეტილების შემდეგ, რომ ადამიანებს ყველანაირი ახსნა-განმარტების გარეშე უთხრეს, რომ კიდევ იშიმშილეთ ერთი თვე, ისიც მერე ვნახავთ როგორ გადავწყვეტთ ჩვენ რამდენი ხანი გაგრძელდება შეზღუდვები. არანაირი გონივრული ახსნა ვინმეზე ზრუნვის ამ საკითხში აღარ არსებობს. ეს არის მონობის დაანონსება“, – აცხადებს ხოშტარია.
ამასთან, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ დღევანდელ ბრიფინგზე კორონავირუსის პრევენციისთვის დაწესებული შეზღუდვების მოხსნის მოთხოვნით დაანონსებულ აქციაზე ისაუბრა.
როგორც დეკანოიძემ განაცხადა, ის 24 იანვარს დაანონსებულ აქციას შეუერთდება.
„გუშინ ამირან გამყრელიძემ თქვა ძალიან დიდი ტყუილი „დაგუგლეთ სად არის გახსნილი ზამთრის კურორტებიო“ , საჯაროდ მინდა მივმართო ამირან გამყრელიძეს, ძალიან ბევრგან არის გახსნილი ზამთრის კურორტები, ძალიან გთხოვთ, ეს ყოვლად მიუღებელია. მე, როგორც ერთი ადამიანი, ვუერთდები ამ აქციას. ყველას მინდა მოგიწოდებთ, ვისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია ის, თუ როგორ ვიცხოვრებთ მომდევნო თვეების მანძილზე გამოდით ხვალ, შეუერთდით იმ ადამიანებს, ვინც თვითდაორგანიზდა“, – აცხადებს დეკანოიძე.
შეგახსენებთ, კორონავირუსის პრევენციისთვის დაწესებული შეზღუდვების მოხსნის მოთხოვნით, პარტია „გირჩი-მეტი თავისუფლება“ 24 იანვარს აქციის გამართვას აპირებს.
ცნობისთვის, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, თბილისში მუნიციპალური ტრანსპორტის აღადგენა პირველი მარტიდანაა დაგგემილი.