გერმანიაში მოღვაწე ქართველი ექიმი, თეა ბერულავა სოციალური ქსელის საშუალებით ვრცელ მიმართვას ავრცელებს.
ექიმი აღნიშნულ მიმართვაში საქართველოს მთავრობის მიერ ვაქცინაციის გეგმის შემუშავების საკითხს ეხმიანება, რომელსაც “მეტრონომი” უცვლელად გთავაზობთ.
“ვაქცინაციის გეგმა დავამტკიცეთო, და ძალიან კარგი, ეგაა რომ გეგმას შესრულება სჭირდება. ლოჯისტიკას და ა.შ. არ შევეხები, მოსახლეობის მზადყოფნაა საჭირო ამისთვის უპირველეს ყოვლისა.
მოსახლეობის მზადყოფნას რაც შეეხება, მე მას ვერ ვხედავ და ვერც საჭირო კომუნიკაციას ვხედავ მზადყოფნის მისაღწევად. ჰოდა ჩემი წილი აგური რომ დავდო, არგუმენტებს ჩამოვთვლი რატომ უნდა გავიკეთოთ აცრა. ალბათ უპრიანი იქნება სწორი კომუნიკაციისთვის მედიაშიც თუ მიჰყვებიან ამ არგუმენტებს, ან უკეთესს, რომელსაც იმედია ჯანდაცვის მესვეურები ამუშავებენ. მანამდე ჩემიც წავა.
1. პანდემია სხვანაირად არ დამთავრდება – ვაქცინაციის გარეშე პანდემიას ვერ გავუმკლავდებით. შესაბამისად მოგვიწევს ლოქდაუნებსა და შეზღუდვებში ცხოვრება. რამდენ ხანს გავატანთ ასე არ ვიცი.
2. არ მუშაობს ყველა მოვიხდით და ბუნებრივი იმუნიტეტი გვექნება – ჯერ ერთი ყველა რომ მოვიხდით, 2% სიკვდილიანობას ვერ ავცდებით. ამას ემატება პოსტკოვიდ სინდრომი – მესამედს განკურნებული პაციენტებისა მოგვიანებით ჰოსპიტალიზაცია სჭირდება, და ათიდან ერთი კვდება. მეორეც, ვირუსის მუდმივი გავრცელებისას და გამრავლებისას ხდება ვირუსის გენომში მუტაციების დაგროვება – ბრიტანული, სამხრეთ აფრიკული, იაპონური, ბრაზილიური და გერმანული შტამები უკვე ვნახეთ. ვირუსს აქვს არაჩვეულებრივი პირობები ევოლუციისათვის, და სრულიად შესაძლებელია ისეთი შტამების მიღება რომელიც ადამიანში გადატანილი ინფექციის შედეგად დატოვებულ იმუნიტეტს თავს აარიდებს. ანუ ადამიანი ისევ დაინფიცირდება, ანუ მოვიხდით და მორჩება არ მოხდება. ჯერ-ჯერობით არსებულ ვაქცინებს აქვთ უნარი გაუმკლავდნენ დღეს ცნობილ სხვადასხვა შტამებს, ამიტომ უაღრესად მნიშვნელოვანია მცირე დროში ვაქცინირების გზით ხელი შევუშალოთ ვირუსის ევოლუციას და ახალი შტამების წარმოქმნას.
3. მოლოდინი იმისა რომ “მკვლელი” მუტაცია მოხდება და ვირუსს გაანეიტრალებს ფაქტობრივად ნულის ტოლია – რამდენ სხვადასხვა შტამში უნდა მოხდეს მკვლელი მუტაცია თან დროში და სივრცეში დამთხვევით? წარმოუდგენელია.
4. არსებობს რეალური რისკი რომ ვირუსში მუტაციის სიხშირე და შესაბამისად ახალ-ახალი შტამების წარმოქმნის სიხშირე კიდევ უფრო გაიზარდოს – კორონავირუსს აქვს გარკვეული უნარი გამრავლების პროცესში წარმოქმნილი შეცდომების ანუ მუტაციების შესწორების (proofreading). ამის შედეგია ის ფაქტი რომ კორონავირუსში მიუხედავად მისი დიდი ზომის გენომისა მუტაციების რაოდენობა გაცილებით ნაკლებია ვიდრე ვთქვათ აივ ვირუსში. ვირუსის მიშვების და ყველამ მოვიხადოთ სცენარისას შესაძლებელია ვირუსის გენომის იმ უბნის დაზიანება (ისევ და ისევ მუტაციებით), რომელიც შეცდომების შესწორებაზეა პასუხისმგებელი – ანუ ვირუსი გამრავლდება და შეცდომები არ შესწორდება და ერთმანეთისაგან ძალიან განსხვავებული შტამები მიიღება მოკლე დროში. სწორედ ესე ხდება აივ ვირუსის შემთხვევაში (აივ ბუნებრივად არ აქვს გამრავლებისას დაშვებული შეცდომების შესწორების უნარი), და სწორედ ეს არის ერთ-ერთი ფაქტორი რომ ამდენი წელია აივ-ის ვაქცინა არ გვაქვს. წარმოუდგენლად რთულია მუდმივად ცვალებადი ვირუსის წინააღმდეგ ვაქცინის შექმნა (სხვა ფაქტორებიც მოქმედებს მაგრამ ამაზე სხვა დროს).
5. დღეს არსებული უჯრედულ კულტურებზე, ლაბორატორიულ ცხოველებზე, ადამიანების პირველი, მეორე და მესამე ფაზის კლინიკური კვლევების შედეგების მიხედვით დღეს მიღებული ვაქცინები უსაფრთხოა! წერტილი. რა თქმა უნდა მათ აქვთ გვერდითი მოვლენები, მაგრამ არც ერთი მათგანი არაა სიცოცხლისათვის საშიში, და ყველა მათგანი ექვემდებარება მკურნალობას. 40 მილიონ ადამიანია უკვე აცრილი, და არც ერთი ჯანმრთელობის სერიოზული დაზიანება ორმოცი მილიონიდან. თან ეს იმ ქვეყნებში, სადაც ინფორმაცია საჯარო და გამჭვირვალეა – ცოტა ხნის წინ ნორვეგიიდან მიღებული ინფორმაცია ცხადჰყოფს ამას. თითოეული ვაქცინირებულის მიდევნება და აღრიცხვა დიახაც რომ ხდება.
6. ფხაკაძის განცხადება რომ საქართველოში არ იმუშავებს ვაქცინაცია არის სრული დემაგოგია! ელექტრონული ჯანდაცვა კი კარგია, მაგრამ 3 მილიონიანი ადამიანის აღრიცხვა არც ისე ძნელია. და არც ისეა საქმე რომ რეგიონებსა და სოფლებში თურმე ექიმი და ექთანი არ გვყავს. მე არ ვიცი ამ ადამიანს როგორ შეიძლება ექსპერტი ეწოდოს და როგორ უნდა ვენდოთ, როცა თავის ლაივებში დღეს ჯანმოს მიერ მიღებულ ვაქცინებზე სრულიად უსაფუძვლო ეჭვებს და მინიშნებებს და გაურკვეველ ტექსტებს ამბობს. ასე რომ დიახაც იმუშავებს ვაქცინაცია საქართველოში, ერთი და ორი ინექციის გაკეთებას, პაციენტის ანამნეზს, მის დაკვირვებას ინექციიდან 30 წუთის განმავლობაში არ სჭირდება წარმოუდგენლად რთული ლოჯისტიკა და დიდი ფოკუს-მოკუსი.
კი გამიგრძელდა სტატუსი, მაგრამ მართლა მნიშვნელოვანია ვაქცინაცია და რომ ყველამ გავიკეთოთ. მოსახლეობის 70% უნდა იყოს ვაქცინირებული. გახსოვდეთ რომ ვაქცინირებით თქვენ იცავთ საკუთარ თავს, საყვარელ ადამიანებს და საზოგადოების იმ წევრებს ვისთვისაც ვაქცინაცია არ შეიძლება (განსაკუთრებული ალერგიების მქონე, სხვადასხვა იმუნოდწფიციტური კონდიციის მქონე ადამიანები). ამ უკანასკნელთა ადგილას წარმოიდგინეთ თავი – მთლიანად ჩვენს მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობაზე არიან დამოკიდებული.
კეთილი სურვილებით რა თქმა უნდა”, – წერს თეა ბერულავა.