ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“პარტია “მოქალაქეებს“ სურს რიგგარეშე არჩევნების გარდა, ყველა სხვა საკითხზე მიიღონ თანხმობა, რაც წამოუდგენელია”- მდინარაძე

ფრაქცია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, პარტია “მოქალაქეებს“ სურს რიგგარეშე არჩევნების გარდა, ყველა სხვა საკითხზე მიიღონ თანხმობა, რაც წამოუდგენელია. ამის შესახებ მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს ალეკო ელისაშვილთან და ლევან იოსელიანთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა.

მდინარაძის თქმით, საარჩევნო რეფორმის საკითხებზე, გარკვეული დეტალების გარდა, არსებობს შეთანხმება და ამ კუთხით ნაკლები პრობლემა ჩანს.

ამასთან, მდინარაძე ვარაუდობს, რომ შეთანხმება შედგება.

“შეიძლება ცოტა ზედმეტი სიჯიუტით და ზედმეტი პრინციპულობით უდგებიან ყველა იმ საკითხს, რასაც ზოგადად ოპოზიცია აყენებს – პარტია “მოქალაქეებს“ სურს რიგგარეშე არჩევნების გარდა, ყველა სხვა საკითხზე მიიღონ თანხმობა, რაც წამოუდგენელია.

ჩვენ მათ ვეუბნებით, ის რაც რაციონალური, სახელმწიფოებრივად სწორი და იურიდიულად გამართულია, ყველაფერზე მოგყვებით. მათ შორის როცა საარჩევნო საკითხების სიღრმეში ჩავდივართ, იურიდიულად გამოუმართავ საკითხებში ვერ წავყვებით. დღევანდელმა შეხვედრამ იმის თქმის საფუძველი მოგვცა, რომ საბოლოოდ შევთანხდებით! მათ ალბათ ექნებათ იმის თქმის საფუძველი, რომ “ქართული ოცნება“ გარკვეულ დათმობებზე წავიდა და მათი პირობები შესრულდა. ვფიქრობთ, ამ შედეგამდე მივალთ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ცნობისთვის, პარტია „მოქალაქეების“ წევრები ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი პარლამენტში იმყოფებოდნენ, სადაც მმართველი პარტიიდან არჩილ თალაკვაძესა და მამუხა მდინარაძეს შეხვდნენ.

იტვირთბა....