ახალი ამბები კულტურა მთავარი

ბებერი ევროპა და უკანონო მიგრანტები

თბილისის მე-16 კინოფესტივალის გახსნიდან მეორე დღეს ფილმების ჩვენებები დაიწყო. მთელი დღის განმავლობაში კინოთეატრებში რუსთაველსა და ამირანში, შუადღის თორმეტი საათიდან შუაღამის თორმეტ საათამდე წლის საუკეთესო უცხოური და ქართული ფილმები გადის. ეს ფუფუნება კინომოყვარულებს 6 დეკემბრის ჩათვლით გვექნება, მერე კი საახალწლო სამზადისი და დაუსრულებელი ქეიფების, საახალწლო ბომბების გულისგამხეთქავი ტკაცუნის მთელი, პირადად ჩემთვის საშინლად მოსაწყენი მთელი თვე დაიწყება. ასე რომ, სანამ დროა, ჯობია კინოფესტივალს დავუბრუნდები.

პირველი დეკემბრის ფილმებიდან დასაწერად საკონკურსო ფილმი – იონას კარპინიანოს „ხმელთაშუაზღვისპირეთი“ ავარჩიე. ეს რეჟისორის პირველი ფილმია და ჩემი აზრით, ძალიან წარმატებული. არჩევანი ორი მიზეზით გავაკეთე. პირველი მიზეზი ფილმის თემაა – არალეგალური ემიგრაცია. თემა ქართველებისთვის ძალიან ნაცნობია – ბოლოსდაბოლოს, ემიგრაციის მსურველ ბევრ ქართველს უმგზავრია, ვთქვათ, საბერძნეთამდე, ჰოფმანის იდუმალი გოგონასავით ავტობუსის „საიდუმლო ყუთში“ ოთხად მოკეცილს. ახლაც უამრავი ქართველი არალეგალურად ცხოვრობს ევროპაში, შტატებში და ალბათ სხვა ქვეყნებშიც. იონას კარპინიანოს ფილმიც ემიგრანტებზეა, ოღონდ აფრიკელ ემიგრანტებზე, აღთქმულ მიწაზე მოსახვედრად სიკვდილს რომ ეთამაშებიან. თუმცა აღთქმული მიწა ყოველთვის ისეთი არაა, როგორიც წარმოუდგენიათ.

მეორე მიზეზი სუბიექტურია – ფილმი მომეწონა. რთული უნდა იყოს უკანონო ემიგრაციის თემაზე ფილმის ისე გადაღება, რომ არც ძალიან ტრაგიკული გამოვიდეს და არც სენტიმენტალური, ფილმის გმირისადმი ყალბი სიბრალულით არ აგავსოს. ამას იმიტომ ვამბობ, რომ ბევრი დოკუმენტური ვიდეო მინახავს, როგორ გამოყავს იტალიის სანაპირო დაცვას ნაპირზე არალეგალური მიგრანტები. ისინი ნავით კვეთენ ხმელთაშუა ზღვას ლიბიიდან იტალიის ნაპირებამდე. ზოგი ნაპირამდე ვერ აღწევს. მათ შორის, ბავშვებიც არიან. მაგრამ რეჟისორმა მოახერხა  ბურკინა ფასოელი აივა სეიონი ისე დაენახა მაყურებელს, როგორც თვითონ აივა – მარიფათიანი, მხიარული და ოპტიმისტი ტიპი ხედავს საკუთარ თავს.

აივას გაუმართლა – ნათელი გონება აქვს და, როგორც ამბობენ, ფხიანი კაცია – აი, ისეთი, ყველა ქვეყანაში რომ გაიტანს თავს. აქ იყიდის, იქ გაყიდის, რაღაც საქმეს გაჩარხავს, მშიერი არ დარჩება. აივას და მის ძმას აბასს ხალხი გადაჰყავთ აფრიკის ერთი ქვეყნიდან მეორეში, თვითონ კი კონტინენტიდან გაღწევის შანსს ელოდებიან. ეს შანსიც მალე ჩაუვარდებათ ხელში – ორი ტიპი ლიბიაში, ტრიპოლიში გადაყვანის სანაცვლოდ იტალიისკენ მიმავალ ნავზე ადგილს სთავაზობს ძმებს. ნავმა მიგრანტები უნდა გადაიყვანოს. ტრიპოლიში ტიპიური სიტუაცია ხვდებათ – აღმოჩნდება, რომ ნავს მესაჭე არ ჰყავს და ერთ-ერთმა მგზავრმა უნდა მართოს. მაგრამ მართვა არავინ იცის. არ იცის არც აივამ – მის მშობლიურ ბურკინა ფასოში ზღვა არც არის, მაგრამ მაინც დადგება საჭესთან. ეს მომენტი ალბათ ყველაზე კარგად ახასიათებს ფილმის გმირს – თუ არ გააკეთე, ვერასოდეს ვერ გააკეთებ. მერე რა, რომ ნავის მართვა არ იცი – შუა ზღვაში გადი და ისწავლი. სწორედ ასეთი კაცია აივა. ძნელია შეგეცოდოს, მიუხედავად იმისა, რომ ზღვაში დახრჩობას ძლივს გადაურჩა, მერე კი, იტალიის ერთ პატარა ქალაქში ჩასულს ბევრი შეურაცხყოფის ატანა მოუწია.

რეჟისორი არ გვანახებს იტალიური ქალაქის ლამაზ, ვიწრო ქუჩებს და ძველ, რომანტიულ სახლებს. როზარნოში აფრიკელი ლტოლვილები ქალაქის განაპირას, ბანაკში ცხოვრობენ, დაფხრეწილ კარვებში, მუყაოზე სძინავთ და ბიდონებში დანთებულ ცეცხლზე თბებიან.

სულ მალე ქალაქში არეულობა იწყება – აფრიკელ ემიგრანტებსა და ადგილობრივებს შორის შეტაკებები ხდება, ორ ემიგრანტს კლავენ, იწყება დემონსტრაციები.

ფილმში კარგად ჩანს ბებერი ევროპის შიში – შიში, რომ განვითარებადი ქვეყნებიდან შემოსული ემიგრანტების დიდი ნაკადი მის კეთილდღეობას წყალს შეუყენებს, კულტურას თავდაყირა დააყენებს და თავის წესებს უკარნახებს. და ევროპაც იბრძვის – ხან ისეთი ბარბაროსული მეთოდებით, როგორც როზარნოელი რასისტები, ხანაც ისე დიპლომატიურად, როგორც აივას დამსაქმებელი როკო – წვრილი ბიზნესმენი, რომელიც ძალიან აფასებს თავისი აფრიკელი მუშის სიბეჯითეს, მაგრამ აივას კონტრაქტს მაინც არ უფორმებს, რომ მან იტალიაში ლეგალურად ცხოვრების ნებართვა აიღოს. და რატომღაც მგონია, რომ როკო ყველაზე დიდი რასისტია ამ ფილმში.

და ბოლოს, ორიოდე სიტყვა ფილმის რეჟისორზე. იონას კარპინიანომ ბავშვობა რომსა და ნიუ იორკს შორის გაატარა. მისი ნამუშევრები ისეთ პრესტიჟულ კინოფესტივალებზე იყო ნაჩვენები, როგორიცაა კანი, ვენეცია და ნიუ იორკი. კარპინიანოს ორი მოკლემეტრაჟიანი ფილმი A Chjana (2011) და A Ciambra (2014) შესაბამისად ვენეციის 68-ე კინოფესტივალის კონტროკამპოს პრიზით და კანის 53-ე კინოფესტივალის „აღმოჩენის პრიზით“ არის დაჯილდოებული. „ხმელთაშუაზღვისპირეთი“ რეჟისორის პირველი სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმია. სურათის მსოფლიო პრემიერა კანის კინოფესტივალზე, კრიტიკოსთა კვირეულის ფარგლებში შედგა.

 

იტვირთბა....