ახალი ამბები

პრემიერმა მაია ცქიტიშვილი და დავით ზალკალიანი ვიცე-პრემიერებად დანიშნა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისრტრი მაია ცქიტიშვილი მთავრობის სხდომაზე წარადგინა.

პრემიერის თქმით, მაია ცქიტიშვილი იქნება ვიცე-პრემიერი ეკონომიკური საკითხების მიმართულებით, დავით ზალკანიანი კი საგარეო ურთიერთობების მიმართულებით იმუშავებს.

„დღეს ჩვენ სხვადასხვა ფრონტზე გვიწევს ბრძოლა. პირველ რიგში, ეს არის გლობალური პანდემია და რა თქმა უნდა, ეს არის გლობალური ეკონომიკური კრიზისი. მოგეხსენებათ, რომ საქართველოს მთავრობის სამოქმედო გეგმაში იყო გამოყოფილი პირდაპირ აშკარა პრიორიტეტები – ეს არის ქვეყნის შემდეგომი დემოკრატიზაცია, ეკონომიკური გაძლიერება, დეოკუპაცია და ინტეგრაცია, შესაბამისად, ჩვენ, ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულება ეს გახლავთ ქვეყნის ეკონომიკური აღდგენა, პოსტ-კოვიდური ეკონომიკური აღდგენა. თუმცა, ჩვენი ძირითადი მიზნის, ევროპული ინტეგრაციის მისაღწევად, ქვეყნის ეკონომიკაში სტრუქტურული რეფორმების გაგრძელება არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ისევე, როგორც მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნება და ყველა ის რეფორმა, რომელიც ეკონომიკურ სფეროს ეხება, მათი ეფექტურობა იქნება უაღრესად მნიშვნელოვანი. პირველ რიგში იმისთვის, რომ ჩვენ გადავლახოთ გლობალური ეკონომიკური კრიზისი და მეორე რიგში იმისთვის, რომ 2024 წლისთვის ქვეყანა ეკონომიკურად იყოს მზად ხმამაღალი და რაც მთავარია, დამსახურებული განაცხადის გასაკეთებელად ევროკავშირში სრულფასოვანი წევრობისთვის. ამისთვის საჭიროა კოორდინირებულად მუშაობა. ამიტომ დღეს მინდა წარმოგიდგინოთ პირველი ვიცე-პრემიერი ეკონომიკური საკითხების მიმართულებით, ეს გახლავთ მაია ცქიტიშვილი.

გარდა ამისა, მეორე საკითხი, რომელიც ასევე იქნება პრიორიტეტული საქართველოს მთავრობისთვის ეს არის ქვეყნის შემდგომი დეოკუპაცია და ქვეყნის ინტეგრაცია. განსაკუთრებით დღეს, როდესაც რეგიონში საკმაოდ მნიშვნელოვანი მოვლენები ვითარდება საერთაშორისო ურთიერთობებს ენიჭება სულ უფრო და უფრო მეტი მნიშვნელობა. ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია ოკუპაციაზე პასუხი, ქვეყნის შემდგომი ინტეგრაცია საერთაშორისო სტრუქტურებში, 2024 წელს ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის გაკეთება და ქვეყნის ნატო-ში ინტეგრაცია, რა თქმა უნდა, პასუხი ოკუპაციაზე და იმ მოვლენებზე, რომელიც რეგიონში ვითარდება. ამიტომ კრიტიკულად მნიშვნელოვანი ხდება ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავება. საქართველოს მთავრობის კიდევ ერთი ვიცე-პრემიერი იქნება საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი. იმის გათვალისწინებით, თუ რამხელა პასუხისმგებლობაა ამ ვითარებაში იყოთ მთავრობის წევრი, კიდევ უფრო დიდი პასუხისმგებლობაა იყოთ ვიცე-პრემიერი. ამიტომ დარწმუნებული ვარ, თქვენ შეძლებთ ამ გამოწვევებზე პასუხს და თქვენი მუშაობა იქნება წარმატებული“, – განაცხადა გახარიამ.

იტვირთბა....