ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ფლორიდაში გამგზავრებამდე ენდრიუსის ავიაბაზაზე შეკრებილ მოქალაქეებს ბოლოჯერ მიმართა.
ტრამპმა ყველას მადლობა გადაუხადა თანამშრომლობისთვის, ისაუბრა ეკონომიკურ მიღწევებსა და კორონავირუსის კრიზისზე.
„ჩვენ მსოფლიოში უდიდესი ქვეყანა გვაქვს. ჩვენ მსოფლიოში უდიდესი ეკონომიკა გვაქვს. პანდემიისგან ჩვენ მძიმე დარტყმა მივიღეთ, ისევე როგორც მთელმა სამყარომ. თქვენ საოცარი ხალხი ხართ. ეს დიდებული ქვეყანაა. ჩემთვის უდიდესი პატივია და პრივილეგია, რომ ვიყავი თქვენი პრეზიდენტი. მე ყოველთვის ვიბრძოლებ თქვენთვის, მე მოგისმენთ და გეტყვით, რომ ამ ქვეყნის მომავალი ამაზე უკეთესი არასდროს ყოფილა. მე მომავალ ადმინისტრაციას დიდ იღბალსა და წარმატებას ვუსურვებ. ვფიქრობ, მათ დიდი წარმატება ექნებათ. მათ აქვთ საფუძველი, რომ შთამბეჭდავი საქმეები აკეთონ. მიუხედავად ყველაფრისა, რაც ჩვენ გავაკეთეთ, წარმოუდგენელი იყო და ამ ყველაფერს თქვენს გარეშე ვერ შევძლებდი. ასე, რომ ნახვამდის. ჩვენ თქვენ გვიყვარხართ. ჩვენ რაღაც ფორმით დავბრუნდებით“, – განაცხადა ტრამპმა.
შეგახსენებთ, დღეს ახალი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ინაუგურაცია გაიმართება. თბილისის დროით 21:00 საათზე ჯო ბაიდენს ფიცს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ჯონ რობერტსი დაადებინებს, რის შემდეგაც ის საინაუგურაციო სიტყვას წარმოთქვამს.
წლევანდელი ინაუგურაციის ცერემონია, კორონავირუსის პანდემიის გამო, ნაკლებად მასშტაბური იქნება და მას 1 000-მდე სტუმარი, მათ შორის კონგრესის წევრები და ყოფილი პრეზიდენტები დაესწრებიან. ცნობილია, რომ დონალდ ტრამპი ჯო ბაიდენის ინაუგურაციას არ დაესწრება.
შეგახსენებთ, აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები 3 ნოემბერს ჩატარდა.