დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, ბექა ლილუაშვილის განცხადებით, ქვეყანაში, ეკონომიკის სწრაფი გახსნით პირველ რიგში ხელისუფლებაა დაინტერესებული.
როგორც ლილუაშვილი “პალიტრანიუსის” გადაცემა “საქმეში” აცხადებს, – “უნდა მოხდეს ეკონომიკის ფრთხილი, დაბალანსებული და თანმიმდევრული აღდგენა“.
,,პირველ რიგში, ხელისუფლებაა დაინტერესებული იმით, რომ რაც შეიძლება სწრაფად აამუშაოს ეკონომიკა. უმთავრესად, ჩვენი მოქალაქეების სამუშაო ადგილებზე დაბრუნებისათვის. მეორე – ეს არის თავად კერძო სექტორის ამუშავების სურვილი. ბუნებრივია, დახურულ ბიზნესს შეძლებისდაგვარად რესურსებიდან გამომდინარე რაც გაგვაჩნია, ვეხმარებით და ეს დახმარება გაგრძელდება. ხელისუფლების მოტივაციის მესამე განმაპირობებელი ფაქტორი კი, არის ქვეყნის ფისკალური მდგომარეობა, შენატანები ბიუჯეტში და ა.შ. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა ხელისუფლება უპირველესად არის ორიენტირებული ბიზნესის სწრაფ ამუშავებაზე. აღდგენის ძირითადი განმსაზღვრელი რა თქმა უნდა, კვლავ არის ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა. ფრთხილი, დაბალანსებული და თანმიმდევრული ამუშავება უნდა მოხდეს. ჯანდაცვისა და ეკონომიკის სამინისტრო ინტენსიურად ხვდება კერძო სექტორს, რათა ეტაპობრივი და სწორი იყოს სექტორების ფუნქციონირების აღდგენა და მინიმუმამდე დავიდეს რისკები“, – განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.
რაც შეეხება ჟურნალისტის კითხვას, რომელიც საქართველოში ტრანსპორტის შეზღუდვასთან დაკავშირებით ევროპის ქვეყნების მაგალითებია მოყვანილი, ლილუაშვილი დასძენს, რომ შედარება ევროპასთან, არარელევანტურია.
,,ევროპის მაგალითების მოყვანა საქართველოსთან მიმართებით არარელევანტურია. ჩვენ გვქონდა ფართო მასშტაბიანი პოლიტიკური პროცესი და კოვიდ გავრცელების ანტირეკორდი, რაც არ ყოფილა ევროპაში. სატრანსპორტო შეზღუდვის ნაწილში როცა ვიწყებდით, მაშინაც ვთქვით, რომ ეს არის მობილობის შემცირებისათვის. მე შემიძლია გითხრათ, ეკონომიკის გახსნის გეგმა უახლოეს დღეებში იქნება ცნობილი. ასევე, ტრანსპორტის აღდგენის გეგმაც უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი. შემიძლია ვთქვა, რომ დადებითი გადაწყვეტილების მოლოდინი არსებობს“, – განაცხადა ლილუაშვილმა ,,საქმეში“.