რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ინფორმაციით, ე.წ. კანონიერი ქურდის ვიაჩესლავ ივანკოვის იგივე „იაპონჩიკის“ დაკვეთილი მკვლელობის შემსრულებელთა ვინაობა ცნობილია. საგამოძიებო კომიტეტის განცხადებით, ეს პირები არიან რუსეთის და „აფხაზეთის რესპუბლიკის“ ორმაგი მოქალაქეობის მქონე ასტამურ ბუთბა და ნუგზარ პაპავა.
რუსი გამომძიებლების ვერსიით, 2009 წლის ივლისში, მოსკოვის ერთ-ერთი რესტორნიდან გამოსულ ივანკოვს სატვირთო ავტომანქანიდან ბუთბამ ესროლა, პაპავა კი მეორე ავტომობილში იმყოფებოდა და მკვლელის უკან დახევას უზრუნველყოფდა. მათივე ცნობით, „იაპონჩიკის“ მკვლელობის შემდეგ ასტამურ ბუთბა და ნუგზარ პაპავა აფხაზეთში დაბრუნდნენ და დღესაც იქ იმყოფებიან.
ძებნილ ბუთბას და პაპავას ბრალი დაუსწრებლად წარუდგინეს და სასამართლომ პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა. საგამოძიებო კომიტეტის განცხადებით, მიმდინარეობს ბრალდებულების რუსეთში ექსტრადიციის საკითხზე მუშაობა. გამოძიების ვერსიით, „იაპონჩიკის“ მკვლელობა დაუკვეთა „კრიმინალურმა ავტორიტეტმა“ ილია სიმონიამ, რომელსაც ვიაჩესლავ ივანკოვმა და ასლან უსოიანმა ე.წ. „კანონიერი ქურდის ტიტული“ ჩამოართვეს.
ცნობისათვის, უსოიანი 2013 წელს მოკლეს.