„ევროპული საქართველოს“ წევრი ირმა ნადირაშვილი სახალხო დამცველის განცხადებას ეხმიანება, სადაც ციხეებში კრიმინალური სუბკულტურის მართვის მოდელზეა საუბარი.
ნადარეიშვილის განცხადებით, ის ფაქტი, რომ საპატიმროებს “შავი სამყარო” მართავს, ეს სახალხო დამცველმაც დაადასტურა.
„სახალხო დამცველის საგანგებო განცხადებამ დაადასტურა ის, რაც ჩვენ ყველამ ისედაც ვიცოდით, რომ ციხეს მართავს არა მისი ადმინისტრაცია, არამედ შავი სამყარო. ის, რომ კრიმინალი ქვეყანაში არის გაზრდილი, ეს თავისთავად გამომდინარეობს და დაკავშირებულია ციხეში შავი სამყაროს მმართველობასთან და ამაში, მე მგონი, არც არაფერია გასაკვირი. ხელისუფლება, რომელიც გადაბმულია კრიმინალთან, ქუჩასთან ერთად ატარებს არჩევნებს, ცხადია, ვალშია ამ კრიმინალთან და ცხადია, მას უქმნის ისეთ პირობებს, რაზეც დღეს ლომჯარია საუბრობდა,”- აცხადებს ნადირაშვილი.
რაც შეეხება პასუხისმგებლობის მოთხოვნას ნინო ლომჯარიას მხრიდან, ნადირაშვილი დარწმუნებულია, რომ არავინ დაისჯება, რადგან ის, რაც დღეს ციხეში ხდება, არის პირდაპირ ხელისუფლების გადაწყვეტილება.
“ჩვენ დავუბრუნდით ისეთ ვითარებას, როდესაც 90-იან წლებში ციხეს მართავდა შავი სამყარო, ამ ვითარებაში დავბრუნდით სრულფასოვნად და ეს არაფრით არ არის გასაკვირი, იმიტომ, რომ ეს ხელისუფლება თავად არის კრიმინალთან შეკრული და თვითონ არის კრიმინალური. როდესაც ხელისუფლება არჩევნებს ატარებს შავ სამყაროსთან ერთად, ამ ადამიანებს იყენებს მოქალაქეების ზეწოლისა და შანტაჟის საშუალებად, ცხადია, ეს არის ურთიერთთანამშრომლობა და სახალხო დამცველის განცხადებები ამ ყველაფერს უბრალოდ ასახავს. ასახავს ვითარებას, რომელიც ძალიან ნათელია, რომელზეც არაერთხელ გვისაუბრია, რომ კრიმინალი დღეს ხელისუფლებასთან ერთად მართავს ციხესაც და მთლიანად ამ ქვეყანასაც“, – განაცხადა ნადირაშვილმა.
ცნობისთვის, სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებისთვის პენიტენციურ დაწესებულებებში ვიზიტებისა და მონიტორინგის განხორციელება არამარტო გართულდა, არამედ საფრთხის შემცველი გახდა. განცხადებაში ნინო ლომჯარია ამბობს, რომ სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლებს ციხეებში ვიზიტების დროს ციხის ადმინისტრაციების მიერ მხარდაჭერილი „არაფორმალური მმართველების“ მხრიდან ექმნებათ საფრთხე.