დღეს აშშ-ის ახალი პრეზიდენტის, ჯოზეფ ბაიდენისა და ვიცე-პრეზიდენტი, კამალა ჰარისის ინაუგურაცია გაიმართება.
თავდაპირველად ფიცს ჯერ კამალა ჰარისი, თბილისის დროით 20:30 საათზე, უზენაესი სასამართლოს მოსამართლის, სონია სოტომაიერის წინაშე დადებს, ხოლო, თბილისის დროით 21:00 საათზე ჯო ბაიდენს ფიცს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ჯონ რობერტსი დაადებინებს, რის შემდეგაც ის საინაუგურაციო სიტყვას წარმოთქვამს.
სიტყვით გამოსვლის შემდეგ ბაიდენი კაპიტოლიუმის აღმოსავლეთ ნაწილში გადაინაცვლებს, სადაც ტრადიციის თანახმად, ამერიკის შეიარაღებული ძალების მზაობას შეამოწმებს.
ამის შემდეგ ჯო ბაიდენი, კამალა ჰარისი და ყოფილი პრეზიდენტები ბარაკ ობამა, ჯორჯ ბუში და ბილ კლინტონი, მეუღლეებთან ერთად, არლინგტონის ეროვნულ სასაფლაოზე მივლენ და უცნობი ჯარისკაცის საფლავს გვირგვინით შეამკობენ.
წლევანდელი ინაუგურაციის ცერემონია, კორონავირუსის პანდემიის გამო, ნაკლებად მასშტაბური იქნება და მას 1 000-მდე სტუმარი, მათ შორის კონგრესის წევრები და ყოფილი პრეზიდენტები დაესწრებიან. ცნობილია, რომ დონალდ ტრამპი ჯო ბაიდენის ინაუგურაციას არ დაესწრება.
შეგახსენებთ, აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები 3 ნოემბერს ჩატარდა.