“დაავადების სიმპტომები ხშირად ჰგავს სხვა დაავადების სიმპტომებს, რის გამოც, პანიკა უსაფუძვლოა,” – ეს განცხადება პედიატრმა, ეკა უბერმა “რუსთავი 2”-ის ეთერში მულტიორგანულ ანთებით სინდრომზე საუბრისას განაცხადა.
როგორც ექიმი განმარტავს, მულტიორგანული ანთებითი სინდრომის შემთხვევები უიშვიათესია.
“მინდა გავამახვილო ყურადღება მულტიორგანულ ანთებით სინდრომზე, რომელიც უიშვიათესია, 0.02%-ს წარმოადგენს მხოლოდ და მხოლოდ. მას აქვს თავისი სიმპტომატიკა, თუმცა, ეს სიმპტომატიკა – ცხელება, მუცლის ტკივილი, ღებინება, შესაძლებელია იყოს სხვა დაავადების სიმპტომი, ამიტომაც პანიკის და აღელვების საფუძველი არ არის.
ამ დაავადების დიაგნოსტიკა მხოლოდ ექიმს ძალუძს, ექიმმა უნდა დაადასტუროს ან გამორიცხოს დაავადება. ამ შემთხვევაში, სასურველია პირველი სიმპტომებისთანავე მიმართოთ ექიმს და ის გადაწყვეტს, ეს არის პოსტკოვიდის გართულებული ვარიანტი, თუ სხვა ვირუსული დაავადება, რომელსაც ბანალური მკურნალობა სჭირდება,” – განაცხადა პედიატრმა ,,რუსთავი 2-ის” ეთერში.