” რა უნდა მინდოდეს, ღირსეული პრეზიდენტი მინდა იყოთქო. არ გიჯერებთქო. მომეცი სიხშირე, ტელევიზია გამაკეთებინეთქო და… კი ბატონოო, წაიღეო,” – ამის შესახებ მომღერალმა, გია გაჩეჩილაძემ “პალიტრანიუსის” ეთერში, კერძოდ მერაბ მეტრეველთან ინტერვიუში განაცხადა.
უცნობი აღნიშნულ მედიასაშუალებასთან საუბრისას, 2008 წელს, შავნაბადაზე მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრას იხსენებს და დასძენს, რომ მიხეილ სააკაშვილმა სატელევიზიო სიხშირესთან დაკავშირებით ის ინაუგურაციის მეორე დღესვე გადააგდო.
„არ ვჩერდებოდი და არ ვეგუებოდი გაყალბებულ საპრეზიდენტო არჩევნებს. მომინახეს მეგობარი, ვისაც დაარეკინეს და ძალიან მთხოვა, ავსულიყავი სააკაშვილთან შავნაბადაზე.
ავედი, მე და ბიძინა გეგიძე ვიყავით. იქ იჯდნენ სააკაშვილი, გივი თარგამაძე, ნიკა რურუა და ა.შ. მთხოვდა – რა ვქნა, რა გავაკეთოო?! ოღონდ ახლა შენ გაჩერდი, მეტს აღარ ვიზამ, რაც მოხდა, ისეთი აღარ ვიქნებიო. მეთქი, რა უნდა მინდოდეს, ღირსეული პრეზიდენტი მინდა იყოთქო. არ გიჯერებთქო. მომეცი სიხშირე, ტელევიზია გამაკეთებინეთქო და… კი ბატონოო, წაიღეო.
კენია ხომ არ ვართო. ინაუგურაციაზე მილიონი სტუმარი ჩამოდის და იქ რომ სისხლისღრვრა ავტეხოთ, თან ხომ იცი, არავინ არ გააშუქებს ამასო. კარგი მეთქი. სხვა რა გზა მქონდა. სისხლისღვრაზე მაინც გამორიცხული იყო, ის ხალხი რომ წამეყვანა. ნუ, შემდეგ საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიცია დამარცხდა და ვინ იყო მაშინ ის ოპოზიცია, დღეს შალვა ნათელაშვილის ფანჩატურში რომ ზიან, ისინი. ხომ წარმოგიდგენიათ, რა სიტუაციაში ვიყავით. სატელევიზიო სიხშირესთან დაკავშირებით ინაუგურაციის მეორე დღესვე გადამაგდო. არ მინდოდა, კიტოვანის, სიგუას და იმათი სახელი დამრქმეოდა“, – ამბობს გია გაჩეჩილაძე.