გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის განცხადებით, პროკურატურა საქმეში ახალი ფიგურანტის ოჯახის მიმართ, რომელმაც ბაჩალიშვილის ოჯახის წევრებს თამართან მიმოწერის ამსახველი მასალა მიაწოდა, მუქარასა და ზეწოლას ახორციელებს. აღნიშნულის შესახებ რამიშვილმა ჟურნალისტებს ბრიფინგზე განუცხადა.
როგორც რამიშვილი აცხადებს, პროკურატურაში ახალი ფიგურანტის ოჯახის წევრები დაიბარა, სადაც უთხრეს, რომ გარკვეული პრობლემები შეექმნებოდათ.
„ქალბატონ თეონას დაუკავშირდა ახალგაზრდა გოგონა – მარი შარაშიძე, რომელმაც „სქრინი“ გადმოაგზავნა. მასთან გარკვეული კომუნიკაცია არსებობდა, მან ბევრი ისეთი ინფორმაცია მოგვცა, რომლითაც დადასტურდა, რომ მასსა და თამარს სოციალურ ქსელში კონტაქტი ნამდვილად ჰქონდათ. აღნიშნული „სქრინი“ პროკურატურას წარვუდგინეთ და შევთავაზეთ, რომ ტელეფონსაც მივიტანდით და ასევე მოწმესაც მივიყვანდით. გამოძიებამ გოგონას ოჯახის უფროსები დაიბარა და პირდაპირ ზეწოლა, შანტაჟი, მუქარა განახორციელა, ეუბნებოდნენ ოჯახი წევრებს, რომ მოხდებოდა ძალადობა, გარკვეული პრობლემები შეექმნებოდათ. რაღაცნაირად უნდათ, ამ გოგოს მისამართთ გამოიყენონ ყველა ის მექანიზმი, რომლითაც გაამყარებენ იმ უკანონო დადგენილების მოტივაციას, რითაც საქმე შეწყვიტეს“, – აცხადებს რამიშვილი.
როგორც ადვოკატი განმარტავს, პროკურატურამ ასევე არ დააკმაყოფილა ბაჩალიაშვილის ოჯახისა და ადვოკატის საჩივარი იმ დადგენილების გაუქმების შესახებ, რომლის მიხედვითაც, ჯუმბერ ბაჩალიაშვილს დაზარალებულის უფლებამონაცვლის სტატუსი გაუუქმდა.