ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებულ ზ.ხ.ს- ადვოკატის, გიორგი გელხაურის განცხადებით, დაზარალებული ვახტანგ ახვლედიანი დაკითხვის დროს ვერ ასახელებს, თუ რა შემხებლობა ჰქონდა დაკავებულ ზ.ხ.-ს შაქარაშვილთან.
გელხაურის თქმით, აქამდე დაკითხული ვერცერთი მოწმე ვერ საუბრობს იმ გარემოებაზე, თუ როგორ აღმოჩნდა გიორგი შაქარაშვილი წყალში.
მისივე თქმით, ახვლედიანმა გამოძიებას სხვადასხვა ეტაპზე ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენებები მისცა.
„მიუხედავად იმისა, რომ ახვლედიანს არაერთი ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენება აქვს გამოძიების პერიოდში მიცემული, მთავარ გარემოებას, რომ მას დაენახა ბრალდებულების, არასრულწლოვნის და შაქარაშვილის ერთმანეთთან რაიმე შემხებლობა, არ ამბობს. გასაგებია, რომ იქ ჩხუბის დროს იყო გინება, მაგრამ აქ მთავარი ერთი რამაა – რა შემხებლობა ჰქონდათ ამ პირებს შაქარაშვილთან, შეხვდნენ თუ არა მას, რა მდგომარეობაში და რა ვითარებაში მიიღო დაზიანებები შაქარაშვილმა და შემდეგ როგორ აღმოჩნდა ის წყალში. ამაზე არც ერთი მოწმე არ საუბრობს, მათ შორის, არც ახვლედიანი“, – აცხადებს გელხაური.
მცხეთის რაიონულ სასამართლოში, დღეს ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებული 5 პირის სასამართლო პროცესი იმართება.
ცნობისთვის, ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულია 5 პირი: არჩილ გაგნიძე, ვახტანგ ჩიქოვანი, ნიკოლოზ რევაზიშვილი, ზ.ხ., ა.ქ.