ადვოკატთა ასოციაციის ყოფილმა პრეზიდენტმა ზაზა ხატიაშვილმა კორონავირუსი საკმაოდ მძიმედ გადაიტანა:
“შემხვდა კორონავირუსი და ჩემს მეუღლეს რომ არ მოეხედა ჩემთვის, არ ვიცი, როგორ გადავიტანდი ამ ვირუსს. ჩემმა მეგობარმა ექიმმა მირჩია, „კატე“ გადაიღეო. როგორ გადავიღო–მეთქი? – ვკითხე. შენი უბნის პოლიკლინიკის ექიმმა უნდა მოგცეს მიმართვა კლინიკაში, მიხვალ მიმართვით და გადაიღებო. მიმართვა არ დამიწერა ექიმმა, „კატეს“ სახლში ვერ გამოვიძახებდი და მიმართვის გარეშე რომ წავსულიყავი კორონავირუსიანი კლინიკაში, პატრულს გამოიძახებდნენ და 2000 ლარით დამაჯარიმებდნენ. ფაქტობრივად, ბედის ანაბარად ხარ მიტოვებული ადამიანი. თუ მოვკვდებოდი, მერე გარდაცვალების მიზეზად ჩაწერდნენ, რომ ცოტა მაღალი წნევები აწუხებდა, ეგ თანმხლები დაავადება იყო და ამის გამო მოვკვდაო. საკუთარ თავზე გამოვცადე, ვიგრძენი, რომ ჩვენ სახელმწიფო არ გვქვს, ჯანდაცვის სისტემა ჩამოშლილია და სრულიად უკონტროლო.
10 დღე მქონდა სიცხეები, „კატეზე“ მიმართვა რომ ვთხოვე ექიმს, არაო, „კატე“ არ გინდაო, დაგასხივებსო და არ მომცა მიმართვა. ბოლოს, ჩემმა მეგობარმა ექიმმა ბათუმიდან, ეთერ ნატროშვილმა, დამინიშნა ნემსები და იმას ვიკეთებდი, რომ ტრომბს არ დაერტყა. 5 ნემსი გავიკეთე. ეს რა უბედურებაა, თან გეუბნებიან „კატეს“ გადაღება უფასოა, ოღონდ ექიმის მიმართვა უნდა მოიტანოო და პოლიკლინიკის ექიმი მიმართვას არ გაძლევს. სახლში მოვიდა ჩემი მეგობარი, მიმისმინა ფილტვებზე და ანთება მქონდა. დამინიშნა წამლები და ჩაცხრა ანთება.
საკუთარი თავისთვის რომ არ მიმეხედა, მოვკვდებოდი. ჩვენს ჯანდაცვის სისტემას განწირული ვყავდი. ზოგი ჭირი მარგებელიაო და, ჩემს ცოლს რომ არ ჰქონოდა გადატანილი კორონა, კიდევ უფრო მეტ გაურკვევლობაში ვიქნებოდი. საკუთარი გამოცდილებით გვმკურნალობდა მე და ჩემს შვილს. ჩემს მეგობარ ექიმებს რომ არ ეთქვათ, როდის რა უნდა გამეკეთებინა, ან ფილტვების ანთება მომკლავდა და ან ტრომბი.
5 დღე გავიდა, რაც ვირუსი მოვიხადე და ერთი არ დაურეკავთ ჯანდაცვის სამინისტროდან, არ მკითხულობენ, გადავრჩი თუ მოვკვდი. ღმერთმა დამიფაროს, ტყუილი ვთქვა. 5 ლარიანი სისხლის ანალიზი არ გამიკეთეს, მიმართვა არ მომცეს, რომ წავსულიყავი და კლინიკაში გამეკეთებინა. იმ ფულსაც მე გადავიხდიდი. ბოლოს მოძრავი ლაბორატორია გამოვიძახე და ისე გავიკეთე ანალიზები. აზრზე არ არიან, რას და როგორ აკეთებენ. მართლა არ მეგონა, ჯანდაცვის სისტემა თუ ასე იყო ჩამოშლილი. საკუთარ თავზე გამოვცადე და ნამდვილად არ მუშაობს. კაცს კორონავირუსი შემხვდა და სახელმწიფო უყურებდა, გაუძლებდა თუ არა, ჩემი ორგანიზმი. ერთი თეთრი არ დახარჯა ჩემზე სახელმწიფომ. რაც გავიკეთე, ყველაფერი საკუთარ ხარჯებით და ჩემსავით უამრავი ადამიანია”, – განუცხადა “ალიას” ზაზა ხატიაშვილმა.
წყარო: “ალია”