ახალი ამბები მთავარი სამართალი

“დაკავებულებს დროშები და იარაღი სუსმა ჩაუდო” – დაკავებულების მშობლები

“ჩემი შვილი გაიყვანეს მანქანასთან. შემდეგ მეც გამიყვანეს, ჩემი შვილი შემოიყვანეს. ჩემი მეუღლე საწოლში იწვა და არ ააყენეს – არ ადგე, გესვრითო. ჩხრეკა დაიწყეს. დალაგებული ტანსაცმელი გადმოყარეს, ამოიღეს რაღაც დროშა არაბული და თქვეს – შეხედო ამას, იქაურებთან კავშირი ჰქონიაო. ტანსაცმელი მე დავალაგე წუხელ და არანაირი დროშა არ იყო იქ. თან მოიტანეს და ჩადეს”, – ამბობს ერთ-ერთი დაკავებულის მშობელი.

“ყველგან – ოთხივესთან მიტანილი იყო დროშები. ყველგან მიიტანეს იარაღები. ყველა ერთ ოთახში მოგვამწყვიდეს. იყო დიდი სპეცოპერაცია. 50-60 კაცი იქნებოდა. მთელი სახლი ალყაში იყო”, – ამბობს მეორე დაკავებულის მშობელი.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილის ლევან იზორიას თქმით, “ჩხრეკის შედეგად ოთხი პირის საცხოვრებელი სახლებიდან ხელყუმბარები, ცეცხლსასროლი პისტოლეტები, საბრძოლო ვაზნები და ცილინდრული ფორმის ასაფეთქებელი მოწყობილობები ამოიღეს. ასევე ამოღებულია მობილური ტელეფონები, სხვადასხვა მობილური ოპერატორების სიმ-ბარათები, მეხსიერების ბარათები, კომპიუტერული მოწყობილობები, ინტერნეტ-მოდემები, ნოუთბუქები, სხვადასხვა ლიტერატურა, ინფორმაციის მატარებელი ელექტრონული მოწყობილობები, CD და DVD დისკები და ტერორისტული ორგანიზაცია “ისლამურ სახელმწიფოს” მიკუთვნებული დროშები. აღნიშნული ღონისძიებების შედეგად სუს-ის კონტრტერორისტული ცენტრის და შსს-ს თანამშრომლებმა ოთხი პირი: ჯამბულ ა, მირიან ბ, გია ბ. და ლაშა გ. დააკავეს. აღნიშნულ პირებს ბრალი წარედგინათ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით”, – თქვა იზორიამ.

236-ე მუხლის მეორე ნაწილი ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო ტარების ფაქტს ითვალისწინებს.

იტვირთბა....