ტელეკომპანია “მთავარის” გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ პირდაპირ ეთერში საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის, თინათინ ბერძენიშვილის სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული წერილი წაიკითხა. მან მოუწოდა საზმაუს საბჭოს შეიკრიბონ და სასწრაფოდ გადააყენონ დირექტორი.
ცნობისათვის, დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ტელეკომპანია “მთავარის” წამყვანმა ჟურნალისტმა გიორგი გაბუნიამ გარდაცვლილ მშობელზე თავის გადაცემაში ისაუბრა და დასძინა, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელს, სადაც ჯულიეტა ვაშაყმაძემ 50 წელი იმუშავა, დაკრძალვაზე ტელევიზიის სახელით ერთი გვირგვინიც არ გამოუგზავნია. მოგვიანებით, ტელეკომპანიის დირექტორმა გაბუნიას სოციალურ ქსელში უპასუხა.