ბიძინა ივანიშვილის ნდობით აღჭურვილმა პირმა და მარჯვენა ხელმა უჩა მამაცაშვილმა საქართველო ოჯახთან ერთად დატოვა. შაბათის მთავარის ინფორმაციით მამაცაშვილმა გაათავისუფლა დაცვის წევრები და მანამდე დატოვა ქვეყანა, სანამ ივანიშვილი პოლიტიკიდან წავიდოდა.
ინფორმაციის გადასამოწმებლად თავად უჩა მამაცაშვილის სახლში რამდენჯერმე მივედით, კარი არავინ გაგვიღო. ბიზნესმენის მეზობელმა კი დაგვიდასტურა რომ რამდენიმე კვირაა არც მამაცაშვილი და არც მისი დაცვის წევრები არ გამოჩენილან სახლში, სადაც ყველაზე მეტ დროს ატარებდა. ფაქტია რომ ქართული ოცნების წევრებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურა საქართველოში აღარ არის. უცნობია დროებით გაეცალა უჩა მამაცაშვილი ქვეყანას თუ სამუდამოდ წავიდა.
ვინ იქნება იმ ბიზნესის მმართველი, რომელსაც თავად უჩა მამაცაშვილი უძღვებოდა? ინფორმაციის დასაზუსტებლად იმ ოფისში მივედით, სადაც ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილის სახელზე რეგისტრირებული ერთადერთი კომპანია გლობიმექსია და მისი საინვესტიციო ფონდი მიდლ სიის ქეფითალსი იყო განთავსებული. როგორც აღმოჩნდა – მამაცაშვილმა ეს ოფისიც ცოტა ხნის წინ დაცალა.
ამ მისამართზე რეგისტრირებული კომპანია სხვა მხრივაცაა საინტერესო. უჩა მამაცაშვილის კომპანია გლობიმექსის დირექტორები და მეწილეები პარალელურად ოთარ ფარცხალაძისა და ალექსანდრე ჭიკაიძის კომპანიებთან არიან დაკავშირებული. კომპანის ბენეფიციარი მფლობელი ლონდონში რეგისტრირებული “ჯეო-ორგანიკია” – რომლის მეწილეები არიან – ბიძინა ივანიშვილის ძმა – ალექსანდრე ივანიშვილი, უჩა მამაცაშვილი, ოლგა ხერიანოვა და რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენი გიორგი კაპანაძეა. ორივე მათგანი კი ვოლგოგრადის ვიცე გუბერნატორთან – როლანდ ხერიანოვთანაა დაკავშირებული. ქვეყნის ტერიტორიებთან ერთად რუსი მაღალჩინოსნები ახლა როგორც ჩანს ბიზნეს ოკუპაციაზე გადავიდნენ — რასაც საქართველოში ივანიშვილების ოჯახის დახმარებით აღწევენ.
უჩა მამაცაშვილის ძებნამ გასაიდუმლოებულ ოფისამდე მიგვიყვანა. ირკვევა, რომ მამაცაშვილი სწორედ აქ მართავდა კონსპირაციულ შეხვედრებს. მამაცაშვილი ბიზნესმენებსა და სახელმწიფოს შორის საქმეებს წლების განმავლობაში ალაგებდა და სანაცვლოდ საშუამავლო წილს იღებდა – რის გამოც უჩა მამაცაშვილს ბიზნეს წრეებში “დოლია” შეარქვეს. შტაბი სხვა მხრივაც ხელსაყრელ ადგილზე – ფინანსთა სამინისტროს, პროკურატურისა და იუსტიციის სახლთან ახლოს – რომლებსაც მამაცაშვილი საკუთარი საბანკო ანგარიშების შესავსებად ხშირად მიმართავდა. ირკვევა, რომ გასაიდუმლოებულ ოფისში არაერთხელ უნახავთ ქართული ოცნების წევრები და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე – შალვა თადუმაძე.
რა მოხდა რეალურად? რატომ დატოვა უჩა მამაცაშვილმა ქვეყანა? ჟურნალისტი ელისო კილაძე ვარაუდობს, რომ ერთი-ერთი მიზეზი ბიძინა ივანიშვილის ნდობის დაკარგვაა, მას შემდეგ რაც მან ოლიგარქს საერთო სალაროდან ფული მოჰპარა.მეორე ვერსიით კი ის საკუთარ ვალდებულებებს, რომელიც ბიზნესმენებთან ჰქონდა აღებული ვეღარ აგვარებდა და მამაცაშვილმა თავს გაქცევით უშველა.