ახალი ამბები ბლოგები მთავარი პოლიტიკა

რა არის ივანიშვილის მეორედ წასვლის რეალური მიზეზი

არსებობს ორი ვარიანტი: ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან წავიდა, მაგრამ ისევ დარჩა ჩრდილოვან მმართველობაში, ან რეალურად წავიდა. პირველ ვარიანტზე ბევრს საუბრობენ და ასეთ შემთხვევაში, როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები, უკვე ვნახეთ. ასე რომ, ამ ვარიანტის გარჩევას და ანალიზს აზრი არ აქვს. ამას საზოგადოება შეჩვეულია.

საინტერესოა მეორე ვარიანტი – თუკი ივანიშვილმა მართლაც დატოვა მმართველი სადავეები, რა იყო ამის მიზეზი, რატომ მიიღო რეალურად ბიძინა ივანიშვილმა ასეთი გადაწყვეტილება და როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები ახლო მომავალში?

საზოგადოების საკმაოდ მსუყე ნაწილი დღემდე ამტკიცებს, რომ  მმართველმა პარტიამ ხელისუფლება მანიპულაციებით შეინარჩუნა. ისე, გარკვეული ხრიკებით 7-8 პროცენტის დამატება არც ერთი ხელისუფლებისთვის არ არის რთული საქმე, განსაკუთრებით საქართველოში. არადა, ზუსტად ამ 8 პროცენტმა გადაწყვიტა „ოცნების“ მესამედ აღზევება ხელისუფლებაში.

რატომ მიიღო ივანიშვილმა გადაწყვეტილება საერთოდ ჩამოშორდეს პარტიას, პოლიტიკას და მართვის სადავეებს? ერთი ფაქტია, არჩევნების შემდეგ, მან რამდენიმე სერიოზული დარტყმა მიიღო:

პირველი – შეიცვალა აშშ-ს ადმინისტრაცია. ამით, მან საბოლოოდ დაკარგა წლების განმავლობაში, ოკეანის გაღმა შექმნილი ლობისტური ხავსი, რომელსაც აქამდე ეჭიდებოდა. ივანიშვილი შესაძლოა ხვდება, რომ ბაიდენის გუნდს უკვე უდევს მაგიდაზე ანაკლიის პორტის მშენებლობის შეწყვეტის რეალური პოლიტიკური მიზეზები, რის გამოც უცხოელმა ბიზნესმენებმა კოლოსალური ფინანსური ზარალი ნახეს. აღარაფერს ვამბობ ინვესტორების უფლებებზე, რომლის დაცვასაც ისინი აუცილებლად შეეცდებიან და ვინ იცის, ტრამპის წასვლის შემდეგ, იქნებ ამოტივტივდეს კიდეც პორტის მშენებლობის შეჩერების პოლიტიკურ ინტერესებთან დაკავშირებული, აქამდე გაუმჟღავნებელი ისეთი ფაქტები, რაც  აღნიშნულ პროცესებში, ივანიშვილის უშუალო ჩართულობას გამოაჩენდა.

მეორე – საქართველოში მიღებული ერთპარტიული საკანონმდებლო ორგანო, რომელიც იმის გარდა, რომ საგრძნობლად აზიანებს მმართველი პარტიის საერთაშორისო იმიჯს, რეალურად, ივანიშვილს ხელში უტოვებს არასრულყოფილ პარლამენტს, რომელსაც არ შეუძლია სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.

მესამე – არც თუ ისე ნაყოფიერი 8-წლიანი მმართველობის შედეგი – ლარის 100-პროცენტიანი ინფლაციით და 22 მილიარდით დამატებული სახელმწიფო ვალით, რომელიც დღითიდღე ანგრევს ივანიშვილის ძალაუფლებას. აშკარაა, რომ წლების განმავლობაში, მის მიერ ქველმოქმედებით დახარჯული მილიარდების არგუმენტი და ამ მიმართულებით პიარის კეთება ვეღარ წონის ქვეყანაში არსებულ სიღარიბეს, უმუშევრობასა და შიმშილს.

როგორც ჩანს, ივანიშვილმა მოსალოდნელ საშიშროებას თვალებში ჩახედა. მის მიერ საქართველოში შექმნილ ქონებრივ თუ ბიზნეს რესურსებს აშკარად საფრთხე შეექმნა. საფრთხე შეექმნა არა მხოლოდ შუშის სასახლესა და მის ირგვლივ შემოერთებულ ავლადიდებას, რომელიც ხვალ შეიძლება მან დაკარგოს და მუზეუმად აქციოს ნებისმიერმა ახალმა ხელისუფლებამ, არამედ სასწორის პინაზე დაიდო მისი და მისი ოჯახის მომავალი. ივანიშვილი ნამდვილად არის იმ დონეზე ჭკვიანი, რომ მიხვდეს, შექმნილ სიტუაციაში, პოლიტიკური ძალაუფლების ამ სახით შენარჩუნება, თუგინდ მომავალში ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარების პირობებშიც კი, კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს მის შესაძლო დარჩენას საქართველოში, რომელიც, ვერ ვიტყვით, რომ მას არ უყვარს.

ასე რომ, თუკი ივანიშვილი მართლა წავიდა, ეს იყო პირდაპირი სიგნალი და მისი მხრიდან გარკვეულწილად მარცხის აღიარებაც, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებიდან წასვლა უკვე შესაძლებელია. ამის დადასტურებაა მისი „აკადემიური პასაჟიც“, როცა „ოცნების“ ოპოზიციაში გადასვლა პოზიტიურ მოვლენად გამოაცხადა.

მისთვის ასეთი რთული მდგომარეობიდან გამოსავალი ნამდვილად იქნებოდა ისეთი პოლიტიკური ძალის მოსვლა ხელისუფლებაში, რომელიც მას საქართველოში დარჩენისა და მშვიდი ცხოვრების გარანტიას მისცემდა. თუმცა, დაწყებული საუბრები მისი ავტორობით რაღაც სხვა პოლიტიკური ძალის შექმნასთან დაკავშირებით, გადაჭარბებულად მეჩვენება, რადგან ისეთ პატარა ქვეყანაში როგორიც საქართველოა, ელემენტარულად, არ არსებობს ადამიანური რესურსი, რომელიც ახალ სახეებს მოუყრიდა თავს და შეძლებდა ამგვარი, საკმაოდ რთული ამოცანის შესრულებას. მით უმეტეს, როცა შუშის სასახლის მფლობელი კადრების დეფიციტს და შემდეგ მისი შერჩევის ხელოვნების უქონლობას ყოველთვის განიცდიდა. თან ახლა 2011 წელი არაა. სხვა მოცემულობაა.

როგორ განვითარდება მოვლენები, უახლოესი მომავალი გვიჩვენებს. ვინ იცის, იქნებ ბოლო დროს დაწყებული საუბრები იმის შესახებ, რომ ივანიშვილი ნელ-ნელა უკვე ჩემოდნების ჩალაგებას იწყებს, არც იყოს საღ აზრს მოკლებული. ხოლო რაც შეეხება „ქართულ ოცნებას“, მისი ხვალინდელი პოლიტიკური ნაბიჯები დაგვანახებს, რეალურად დარჩა თუ არა მმართველი პარტია „ბელადის“ გარეშე. ამის ყველაზე კარგი ინდიკაცია ანაკლიის პორტისკენ დანგრეული გზის მშენებლობის განახლება იქნებოდა. ამისათვის კი პოლიტიკური ნებაა საჭირო, პოლიტიკური ნებისთვის – მმართველი პერსონების სათანადო ცვლილება და თანაც ისეთებით, რომლებიც ჩრდილოეთისკენ ნაკლებად იხედებიან.

გენო ჯოხიძე

 

იტვირთბა....