“ბი-ბი-სი”-ის ინფორმაციით, ევროპის რამდენიმე ქვეყანა შეშფოთებულია იმ ფაქტით რომ, „ფაიზერის“ ვაქცინის იმაზე გაცილებით ნაკლები დოზა მიიღეს, ვიდრე ელოდებოდნენ.
როგორც “ბი-ბი-სი”-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, შვედეთი, დანია, ფინეთი, ლიეტუვა, ლატვია და ესტონეთი ევროკავშირს კომპანიას მოუწოდებენ, რომ ზეწოლა განახორციელონ „ფაიზერზე“, რათა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის დისტრიბუცია დროულად მოხდეს.
თუმცა კომპანია „ფაიზერში“ ამბობენ, რომ დისტრიბუციის პროცესში ხარვეზის მიზეზი წარმოების პროცესში არსებული ცვლილებები გახდა. ამ ცვლილებების მიზანი კი, ვაქცინის გაცილებით დიდი რაოდენობით წარმოებაა.
„ეს დროებით გავლენას მოახდენს იანვრის ბოლოს და თებერვლის დასაწყისში განსახორციელებელ გადაზიდვებზეც, თუმცა მნიშვნელოვნად გაიზრდება ვაქცინის დოზა თებერვალსა და მარტში“, – აცხადებენ „ფაიზერში“.
ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი აცხადებს, რომ მან კომპანია „ფაიზერის“ ხელმძღვანელებისგან მიიღო გარანტია, რომ წლის პირველ ნახევარში დაპირებული დოზის დისტრიბუცია აუცილებლად მოხდება.