ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

“სავარაუდო კორუფციის ნიშნები ოცნებაში” – “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” კვლევას აქვეყნებს

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე პარტიული შემოწირულობების შესახებ კვლევა გამოაქვეყნა.

ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ კვლევაში სავარაუდო კორუფციის ნიშნები იკვეთება.

“როგორც აღმოჩნდა, მმართველი პარტიის შემომწირველებთან დაკავშირებულმა კომპანიებმა 2020 წელს (17 ნოემბრამდე) დაახლოებით 68 მლნ ლარის ღირებულების ტენდერები მოიგეს და ამ შემომწირველებმა იგივე პერიოდში 1.6 მლნ ლარი გაიღეს „ქართული ოცნების” სასარგებლოდ. ამ მხრივ განსაკუთრებით აღსანიშნავია შპს გ & კ ტექნოლოგი, რომელმაც წლის განმავლობაში 17.2 მლნ ლარის ტენდერები მოიგო, მისმა მფლობელმა რომან აბრამიშვილმა კი თებერვალში „ქართულ ოცნებას” 60,000 ლარი შესწირა”, – ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან, აღნიშნული კვლევით ირკვევა, რომ მსგავსი შემოწირულობების ოდენობა 3 მილიონამდეა, ხოლო შემომწირველების გარემოცვის სახელზე დადებული სატენდერო ხელშეკრულებები 70 მილიონამდე აღწევს.

“მმართველ პარტიას სწირავენ თანხებს და ვხედავთ, რომ ისინი არიან მსხვილი კონტრაქტორები სახელმწიფო შესყიდვებში. 2020 წლის განმავლობაში ასეთმა კომპანიებმა 70 მილიონი ლარის ტენდერები მიიღეს, როდესაც მათ 2-3 მილიონი შესწირეს”, – განაცხადა “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” მენეჯერმა ლევან ნატროშვილმა.

ინფორმაციისთვის, ამავე კვლევის თანახმად შემოწირულობათა რაოდენობის მიხედვით პირველ ადგილს “ოცნება” იკავებს, მეორეს “ლელო”, მესამეს კი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”.

იტვირთბა....