.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 4 პირი დააკავა. მათ „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირში ედებათ ბრალი. როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, 2015 წლის ნოემბერში საქალაქო სასამრთლომ გამოსცა განჩინება 11 საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შესახებ. ამ განჩინების საფუძველზე სუსმა ჩხრეკა ჩაატარა.
„ჩხრეკის შედეგად ოთხი პირის საცხოვრებელი სახლებიდან ხელყუმბარები, ცეცხლსასროლი პისტოლეტები, საბრძოლო ვაზნები და ცილინდრული ფორმის ასაფეთქებელი მოწყობილობები ამოიღეს. ასევე ამოღებულია მობილური ტელეფონები, სხვადასხვა მობილური ოპერატორების სიმ-ბარათები, მეხსიერების ბარათები, კომპიუტერული მოწყობილობები, ინტერნეტ-მოდემები, ნოუთბუქები, სხვადასხვა ლიტერატურა, ინფორმაციის მატარებელი ელექტრონული მოწყობილობები, CD და DVD დისკები და ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამურ სახელმწიფოს“ მიკუთვნებული დროშები“ – ნათქვამია განცხადებაში.
აღნიშნულ პირებს ბრალი წარედგინათ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით. სახელმწიფო უწყებაში აცხადებენ, რომ საქმეზე გრძელდება შემდგომი გამოძიება ტერორისტულ ორგანიზაციებთან კავშირზე მყოფი სხვა პირების მხილების და მათ მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით.