გავრცელებულ ინფორმაციას, რომ პარტია „ქართულ ოცნებაში“ გენერალური მდივნის თანამდებობა უქმდება, დედაქალაქის მერი კახა კალაძე არც უარყოფს და არც ადასტურებს.
როგორც კალაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, მისთვის თანამდებობას მნიშვნელობა არასდროს ჰქონია.
„ხვალ ყრილობაზე ყველაფერი ცხადი იქნება. თანამდებობებს არასდროს გამოვკიდებივარ, არასდროს თანამდებობაზე პრეტენზია არ მქონია, მე სადაც ვარ, როგორც ვარ, ვემსახურები ქვეყანას და ჩემს ხალხს. არ აქვს მნიშვნელობა, სად უნდა ვიყო – სპორტში, ბიზნესში, პოლიტიკაში. ყველგან ჩემი ერთადერთი მთავარი მიზანი და ამოცანა გახლავთ ვემსახურო ჩემს ხალხს და ქვეყანას, თანამდებობას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ჩემთვის“, – განაცხადა კალაძემ.
შეგახსენებთ, “ქართული ოცნების” ყრილობა ხვალ, 16 იანვარს გაიმართება, სადაც 400 დელეგატი პარტიის თავმჯდომარედ ირაკლი კობახიძის დანიშვნას დაუჭერს მხარს.