ჩოხატაურის რაიონის სოფელ ბუკნარში მუსლიმი თემის, ქრისტიანებისა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის შეთანხმება შედგა. მხარეებს შორის გამართული შეხვედრა უკვე დასრულებულია.
შეხვედრის მონაწილეების განაცხადებით, ის რაც ამ დღეების განმავლობაში ხდებოდა, ეს იყო პროვოკაცია. შეხვედრის მონაწილეთა თქმით, მათ გასაყოფი არაფერი აქვთ და თანაცხოვრება ჩვეულ რეჟიმში უნდა გააგრძელონ.
„მიხარია, რომ ის ინციდენტი, რაც რამდენიმე დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, სრულად აღმოიფხვრა. როგორც ადგილობრივი მოსახლეობა, მუსლიმები და მართლმადიდებელი ქრისტიანები აცხადებდნენ, ერთეული ადამიანების მიერ პროვოცირებულმა ფაქტმა მიიღო საკმაოდ მახინჯი განვრცობა და ეს დღეები იყო სამარცხვინო ფურცელი ჩვენი სოფლისთვის. დაპირისპირებულ მხარეებად წოდებულმა ადამიანებმა გაუცვალეს ერთმანეთს თავიანთი მოსაზრებები, კიდევ ერთხელ დააფიქსირეს, რომ მათ გასაყოფი არაფერი აქვთ და გრძელდება მეგობრული თანაცხოვრება,“- განაცახდა პარლამენტის წევრმა ნინო წილოსანმა.
შეგახსენებთ, რომ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკნარში უთანხმოება მუსლიმ და ქრისტიან მოქალაქეებს შორის 14 იანვარს დაიწყო. კონკრეტულად, მუსლიმი თემის წარმომადგენლები სოფელში სალოცავის მოწყობას ითხოვენ, ქრისტიანული თემის წევრები კი ამის წინააღმდეგნი არიან. აზრთა სხვადასხვაობა ფიზიკურ დაპირისპირებაშიც გადაიზარდა. ორ მუსლიმ ახალგაზრდას თავს დაესხნენ, რათა ისინი მეჩეთში არ წასულიყვნენ. ფაქტზე შსს-მ ერთი პირი დააკავა.