ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებულ ზ.ხ.-ს ადვოკატის, გიორგი გელხაურის განცხადებით, საქმეში სახელმწიფო ბრალდებას არანაიირ მტკიცებულება მოეპოვება იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ აღმოჩნდა შაქარაშვილი წყალში.
გელხაურის განმარტებითვე, დაცვის მხარეს ბრალდებულების მიმართ გამამართლებელი განაჩენის მოლოდინი აქვს.
„დღეს დასაკითხმა ექსპერტებმა დააფიქსირეს გარემოება, თუ რა დაზიანებები ჰქონდა გარდაცვლილ გიორგი შაქარაშვილს, თუმცა, ეს ექსპერტები ვერ იქნებიან იმის მტკიცებულება, თუ ვინ და რა მდგომარეობაში მიაყენა გიორგი შაქარაშვილს დაზიანებები, ასევე, როგორ აღმოჩნდა ის წყალში. ეს ექსპერტები ამაზე რა თქმა უნდა, ვერ გვესაუბრებიან. რაც შეეხება დაცვის მხარის პოზიციას, ჩვენ წარმოდგენილი გვაქვს ექსპერტიზის დასკვნა და ასევე არიან მოწმეებიც, მაღალი ალბათობით, თებერვლის ბოლოს ორივე მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა უნდა დასრულდეს და სასამართლო გადაწყვეტილებას მიიღებს. იქიდან გამომდინარე, რომ ამ საქმეში არცერთი მტკიცებულებები არ არსებობს, რომელიც დაადასტურებს, რა მდგომარეობაში, რა ვითარებაში მიიღო გიორგი შაქარაშვილმა დაზიანებები და წყალში როგორ აღმოჩნდა, დაცვის მხარეს გამამართლებელი განაჩენის მოლოდინი გვაქვს“, – განაცხადა გელხაურმა.
შეგახსენებთ, პროკურატურამ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვლის მკვლელობის საქმეზე კომისიური სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა გაასაჯაროვა, რომლის მიხედვითაც, კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ შაქარაშვილმე ფიზიკურად მკვლელობამდე იძალადეს. ექსპერტიზის დასკვნით დასტურდება, რომ გიორგი შაქარაშვილს მკვლელობამდე სასტიკად გაუსწორდნენ, რის შემდგომაც წყალში გადააგდეს.
გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულია 5 პირი: არჩილ გაგნიძე, ვახტანგ ჩიქოვანი, ნიკოლოზ რევაზიშვილი, ზ.ხ., ა.ქ.