პანდემიის პირობებში, ხელისუფლება მაქსიმალურად ცდილობს ხარჯები დაზოგოს. სხვადასხვა სამთავრობო სტრუქტურებში ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს ამ მიმართულებით. გამონაკლისი არც ჯანდაცვის სისტემაა. ეკატერინე ტიკარაძის მიერ ხელმოწერილი ახალი ბრძანებით, შეიცვალა და გართულდა ორსული ქალების სადეკრეტო შვებულების დაფინანსების წესი, რაც კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში აგდებს პანდემიის დროს ისედაც დაზარალებული მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს.
მივყვეთ თანმიმდევრობით:
ახალი ბრძანება (01-133/ნ) „ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულების ანაზღაურების მოწესრიგების წესს“ ეხება. ტიკარაძის მიერ ხელმოწერილი ბრძანებულებით, გაუქმდა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 25 აგვისტოს № 231/ნ ბრძანება, რომლის მიხედვითაც ორსული ქალების სადეკრეტო შვებულების დაფინანსებას მოქალაქეები (ახალ ბრძანებამდე) შედარებით მარტივად იღებდნენ.
„მეტრონომს“ დაეკონტაქტა მოქალაქე, რომელმაც განაცხადა, რომ მას დაუკავშირდნენ ჯანდაცვის უწყებიდან და აუწყეს, რომ სადეკრეტო შვებულების დაფინანსების წესი 1 იანვრიდან შეიცვალა და აღნიშნული თანხის მისაღებად გარკვეული დამატებითი ღონისძიებებია ჩასატარებელი. კერძოდ, საჭიროა დამატებითი საბუთები, რომლის შეგროვებას, როგორც ირკვევა, საკმაოდ სერიოზული ძალისხმევა სჭირდება.
„ჩვენ საბუთები გვქონდა შეტანილი გასული წლის 31 დეკემბერს. ახლახან დაგვირეკეს და გვითხრეს, ახალი, დამატებითი საბუთები უნდა წარმოადგინოთო. მათ შორის ცნობა იმის შესახებ, რომ მე არ ვარ საჯარო მოხელე. ასევე დაუკავშირდნენ ჩემი კომპანიის ბუღალტერს და ხელფასების ისეთი საბუღალტრო ანგარიშის წარმოდგენა მოთხოვეს, თავად ბუღალტერიც კი აღშფოთდა. ანუ, მოკლედ რომ გითხრათ, ახალი ბრძანება ქმნის ახალ გართულებულ ბიუროკრატიას, რაც ემსახურება მხოლოდ ერთს, დაიღალოს ადამიანი და უარი თქვას სადეკრეტო შვებულების ანაზღაურებაზე. ეს არის მეთოდი, რითაც ხელისუფლება ცდილობს დაზოგოს ხარჯები ორსული ადამიანების ხარჯზე“ – გვითხრა მოქალაქემ, რომელიც საკუთარი ბიზნესის უსაფრთხოებისა და დაცვის მიზნით, ვინაობას არ ასახელებს.
უცნაურია, საჯარო სამსახურში მუშაობასთან დაკავშირებული საბუთის მოთხოვნა, რადგან საკმაოდ მარტივი მეთოდით არის შესაძლებელი სამინისტროსთვის, რამდენიმე წუთში დაადგინოს, არის თუ არა საჯარო მოხელე ესა თუ ის მოქალაქე. ასევე ეჭვს იწვევს დამატებითი საბუღალტრო ანგარიშების მოთხოვნაც. ამის გარდა, როგორც ირკვევა, შესაგროვებელია სხვა დოკუმენტაციებიც, რასაც რამდენიმე უწყებაში ადგილზე მისვლა სჭირდება, რადგან ონლაინ-რეჟიმში, როგორც ჩვენი რესპოდენტი ამბობს, საბუთების წარდგენაზე შესაბამისი სამსახური უარს ამბობს.
„ხელისუფლებამ გადაწყვიტა ორსული ქალები ხარჯზე დაზოგოს ფინანსები და ქმნის დამატებით ბიუროკრატიას, რადგან მან კარგად იცის, რომ განსაკუთრებით პანდემიის დროს მოთხოვნილი საბუთების შეგროვება გაძნელდება. ამით ის რეალურად აიძულებს ორსული ქალის ახლობლებს ხელი აიღონ აღნიშნული სიკეთის მიღებაზე, რითაც, ასეთი მეთოდით, ხელისუფლება დაზოგავს ფინანსებს“ – გვეუბნება რესპოდენტი.
აღსანიშნავია, რომ ახალი ბრძანების მიხედვით, კანონი ძალაში შევიდა მიმდინარე წლის 1 იანვრიდან. იმავე ბრძანებაში ვკითხულობთ, რომ ამ ბრძანების ამოქმედებამდე (ანუ 1 იანვრამდე) ორსულობისა და მშობიარობის, ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულების დახმარების მისაღებად წარმოდგენილი დაფინანსების განაცხადები ექვემდებარება ანაზღაურებას 2021 წლის 1 იანვრამდე მოქმედი წესით. არადა, როგორც ჩვენი რესპოდენტი გვეუბნება, მას განაცხადი შეტანილი აქვს გასული წლის 31 დეკემბერს. ანუ ახალი კანონის ამოქმედებამდე. მოქალაქის განცხადებიდან გამომდინარე, გამოდის, რომ ტიკარაძის უწყება თავისივე გამოცემულ ბრძანებას არღვევს.
„სიმართლე გითხრათ, თავად ჯანდაცვის სამინისტროს თანამშრომელიც, რომელიც დამიკავშირდა, შეწუხებული იყო ამგვარი დამოკიდებულებით. თუმცა, მან მიმანიშნა, რომ დამატებითი საბუთების შეგროვება მაინც აუცილებელი იყო და ძალიან წუხდა, რომ ახალი ბრძანებით დაფინანსების აღების წესი გართულდა. რაც არ უნდა იყოს, ერთი ფაქტია, ჯანდაცვის სისტემა, აშკარად, ორსული ქალების ხარჯზე ზოგავს ფინანსებს “ – აცხადებს „მეტრონომის“ რესპოდენტი.
ჯიმშერ შხვაცაბაია