თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა.
რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ჩინური CoronaVac ვაქცინის პირველი დოზა გაიკეთა.
“მეც ავიცერი”, – წერს ერდოღანი თავის Telegram-არხზე.
ამასთან, პრეზიდენტმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ საჯარო პირების აცრა სხვა მოქალაქეებისთვის წახალისება იქნება.
“მჯერა, რომ, თუ ყველა პოლიტიკური ლიდერი, პარლამენტის წევრები წაახალისებენ ვაქცინის გაკეთებას, ეს იქნება სწორი გადაწყვეტილება”. – უთხრა თურქეთის პრეზიდენტმა ჟურნალისტებს.
ერდოღანთან ერთად აიცრა მმართველი პარტიის სამართლიანობისა და განვითარების წევრების ნაწილიც.
ცნობისთვის, ამ ეტაპისთვის თურქეთში აიცრა მედიცინის სფეროს 250 000 მუშაკი. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ერთი თვის მანძილზე აიცრება მედიცინის სფეროს 1.1 მილიონი წარმომადგენელი .
ჩინური წარმოების ვაქცინის ადმინისტრირება ორ ეტაპად მოხდება. პირველი და მეორე დოზების გაკეთებას შორის დაშორება 28 დღეა. ისინი, ვინც COVID-19 გადაიტანა, გამოჯანმრთელებიდან 4-6 თვის მანძილზე არ აიცრებიან.