30 ნოემბერს, 19:30 წუთზე თბილისის მე-16 საერთაშორისო კინოფესტივალი ოფიციალურად გაიხსნა. ვისაც კინო უყვარს, კარგად იცის ამ მოვლენის მნიშვნელობა; თბილისში რამდენიმე კინოთეატრია, სადაც მთელი წლის განმავლობაში თითქმის სულ კომერციულ ფილმებს აჩვენებენ. სამაგიეროდ, წლის ბოლოს, დეკემბერში თბილისის კინოფესტივალზე დიდ ეკრანზე იმ ფილმებიდან საუკეთესოები გადის, რომლის ნახვის საშუალებაც მხოლოდ მსოფლიოს დიდი კინოფესტივალების სტუმრებს აქვთ. ეს ყველაფერი არ არის – თბილისის კინოფესტივალი ბევრი სექციისგან შედგება, მათ შორისაა, ევროპული ფორუმი, „დამზადებულია გერმანიაში“ (უახლესი გერმანული ფილმები), საერთაშორისო კონკურსი (სადაც მხოლოდ სადებიუტო ან რეჟისორის მეორე ნამუშევარი შეიძლება მოხვდეს) ქართული ფილმების სექცია და სხვა. ცალკე აღნიშვნის ღირსია ინდუსტრიული ღონისძიებები – მასტერკლასები, უორქშოფები და სემინარები, რომლებსაც სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვეული პროდიუსერები, რეჟისორები და სცენარისტები ატარებენ.
თბილისის კინოფესტივალზე დაუსრულებლად შეიძლება ლაპარაკი, თუმცა დავუბრუნდეთ გახსნას. როგორც აღვნიშნე, წლევანდელი ფესტივალი ლევან თუთბერიძის ფილმით გაიხსნა.“მოირა“ ასე ჰქვია სურათს, რომელიც ზღვისპირა ქალაქში მცხოვრები ოჯახის ამბავს მოგვითხრობს. ციხიდან გამოსული მამუკა ცდილობს ოჯახი სიღარიბისგან იხსნას. დედამისი საზღვარგარეთ მუშაობს, მამა ეტლს არის მიჯაჭვული, უმუშევარ ძმას კი კრიმინალებთან აქვს კავშირები.
ფესტივალის გახსნას, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, საქართველოს ეროვნული კინოცენტრის დირექტორი ნანა ჯანელიძე, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და კინოფესტივალზე მოწვეული უცხოელი კინემატოგრაფისტები დაესწრნენ.
თბილისის მე-16 საერთაშორისო კინოფესტივალი წელს ქალთა უფლებებისა და გენდერული დემოკრატიის განვითარების ეძღვნება. “ქალთახედვა/WomenEyes” სექციის ფარგლებში მოეწყობა ქალი რეჟისორების მიერ გადაღებული სრულმეტრაჟიანი მხატვრული და დოკუმენტური ფილმების ჩვენება. ქალი რეჟისორების ნამუშევრები ფესტივალის წლევანდელი გამოშვების სხვა სექციების ფოკუსშიც იქნება. კინოფესტივალის წლევანდელი რჩეული ფერიც იასამნისფერია – ქალთა მიმართ ძალადობის საერთაშორისო კამპანიის სიმბოლური ფერი. კინოჩვენებების გარდა, მოეწყობა დისკუსიები ადგილობრივი და სამხრეთ კავკასიის რეგიონიდან მოწვეული მომხსენებლების მონაწილეობით ქალთა უფლებების, გენდერული ძალადობისა და ქალის, როგორც საზოგადოებრივად აქტიური ფიგურის საკითხის გარშემო.
წინასწარი ინფორმაციით, წლევანდელი ფესტივალის საერთაშორისო კონკურსი ერთ-ერთი საუკეთესო იქნება ამ ღონისძიების არსებობის 16-წლიან ისტორიაში. ჟიურის წევრები მარტა ფაინსი, პიტერ სკარლეტი, ნუცა ალექსი-მესხიშვილი, პნინა ბლეიერი და ალიკ შპილიუკი არიან.
თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი 7 დეკემბრამდე გასტანს, კინოთეატრებში „ამირანსა“ და „რუსთაველში“, ასე რომ ამ კვირას, შეძლებისდაგვარად, არაფერი დაგეგმოთ, საღამოობით მაინც, თუ არადა, ასეთი მრავალფეროვანი ფილმების პროგრამის ლოდინი კიდევ მომავალი წლის დეკემბრამდე მოგიწევთ.
„მეტრონომი“ მომდევნო დღეებშიც დაწვრილებით გიამბობთ თბილისის წლევანდელი კინოფესტივალის ყველაზე საინტერესო ფილმებზე. ასე რომ, შევხვდებით კინოში!