ზაქარეიშვილის პოზიციამ მმართველი გუნდის წევრებიც დააბნია
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში მინისტრ პაატა ზაქარეიშვილის მიერ აფხაზეთის თემაზე გაკეთებულმა განცხადებამ, რომ აფხაზეთი, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიის განმავლობაში მის შემადგენლობაში არასოდეს ყოფილა, საზოგადოებაში სერიოზული მითქმა-მოთქმა გამოიწვია. პაატა ზაქარეიშვილი რომელიმე საქართველოში მოღვაწე ცალკეული „ექსპერტი“ რომ იყოს გასაგები იქნებოდა მისი ეს განცხადება, თუმცა მინისტრის რანგში დაფიქსირებულმა ამგვარმა პოზიციამ, თვით მმართველი გუნდის წევრებიც დააბნია.
“მეტრონომთან” მინისტრის ეს განცხადება GRASS-ის თანადამფუძნებელმა ელენე ხოშტარიამ შეაფასა.
“ეს არის ისტორილად და სამართლებრივად მცდარი, პოლიტიკურად და სახელმწიფოებრივად კი მავნებლური განცხადება. დაუშვებელია საქართველოს ხელისუფლებაში იყოს ადამიანი, რომელმაც ან არ იცის საქართველოს ისტორია, ან მას მიზანმიმართულად ამახინჯებს. წარმოუდგენელია ამ ადამიანმა საქართველოს ინტერესების გათვალისწინებით იმოქმედოს. ეს არ არის სამწუხაროდ პირველი განცხადება, რომელიც პაატა ზაქარეიშვილი საქართველო ინტერესების საწინააღმდეგოდ გაუკეთებია” – ამბობს ხოშტარია.
ხოშტარიას თქმით, საქართველოს აქვს ისტორიულად და სამართლებრივად მყარი საფუძვლები იმისა, რომ აფხაზეთი შედის საქართველოს შემადგენლობაში, რომელიც ასევე აღიარებულია საერთაშორისო სამართლითაც.
“მეტრონიმი” ასევე ესაუბრა პარლამენტის უმრავლესობის წევრ ზურაბ ტყემალაძეს. ტყემალაძეც არ ეთანხმება მინისტრს იმაში, რომ გამოუკიდებელი საქართველოს შემადგენლობაში აფხაზეთი არ შედიოდა.
„ვერ დავეთანხმები მას… საქართველოს ისტორია სხვაგვარად გვთავაზობს და სხვაგვარად გვეუბნება. საქართველოს შემადგენლობაში აფხაზეთი რა თქმა უნდა იყო“ – ამბობს ტყემალაძე.
შეგახსენებთ, პაატა ზაქარეიშვილმა გუშინ ასეთი განცხადება გააკეთა:
„ჩვენ გვაქვს ერთადერთი გამოცდილება აფხაზეთთან ერთად სახელმწიფოს მოწყობისა – ეს არის საბჭოთა კავშირი. რა იყო დავით აღმაშენებლის დროს, მე არ ვიცი და სხვა გამოცდილება ჩვენ არ გვაქვს. აფხაზეთი დამოუკიდებელი საქართველოს შემადგენლობაში არ ყოფილა. ჩვენს თაობას არ გვახსოვს, ყოველ შემთხვევაში, ანუ დღევანდელ ევროპულ რეალობაში ეს არ ყოფილა. ამიტომ, გვინდა ერთია და როგორ ვაპირებთ აფხაზეთი საქართველოს შემადგენლობაში დაბრუნებას, მეორე და საზოგადოება ამაზე უნდა მსჯელობდეს“.